Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებებია


საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებებია. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან დაითხოვა თამარ ბერუჩაშვილი და მის ნაცვლად დანიშნა გიორგი კვირიკაშვილი, რომელსაც დღემდე ეკავა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტი. საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა ვიცე-პრემიერის თანამდებობა შეინარჩუნა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც დღემდე თბილისის ვიცე-მერი, მანამდე კი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო. მთავრობის ადმინისტრაციაში ახალი მინისტრების წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საკადრო ცვლილებები კიდევ უფრო გაზრდის მთავრობის ეფექტიანობას. პრემიერის შეფასებით, გიორგი კვირიკაშვილი იქნება „ძალიან წარმატებული საგარეო საქმეთა მინისტრი, მისი ცოდნა და გამოცდილება ქვეყანას დაეხმარება განხორციელებაში ისეთი საგარეო პოლიტიკისა, რომელიც კიდევ უფრო მჭიდრო კავშირში იქნება საქართველოს ეკონომიკურ პრიორიტეტებთან და ქვეყანას მოუტანს მეტ წარმატებას საგარეო მიმართულებით და ეკონომიკური პოლიტიკის გაძლიერებით.“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს თამარ ბერუჩაშვილს, რომელსაც თავისი საქმის პროფესიონალი უწოდა და განაცხადა, რომ თამარ ბერუჩაშვილის შემდგომი საქმიანობის საკითხს ახალი მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი გადაწყვეტს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს გამოკვეთილი ევროპული არჩევანი და ეს გზა გაგრძელდება და გაძლიერდება. „ჩვენ ამ მიმართულებით ვართ ლიდერი რეგიონში და გვაქვს სერიოზული შედეგები, რასაც სტაბილურად განვითარება სჭირდება“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. რაც შეეხება ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ახალ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დიმიტრი ქუმსიშვილს ეკონომიკის განვითარების და ინვესტიციების წახალისების სფეროში სერიოზული ცოდნა და გამოცდილება აქვს და ამ მიმართულებით მთავრობის მუშაობას გააძლიერებს.

XS
SM
MD
LG