Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიწყო საქართველოს მთავრობის და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის მოლაპარაკების პირველი რაუნდი


თბილისში დაიწყო საქართველოს მთავრობის და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის მოლაპარაკების პირველი რაუნდი. ასოციაცია შვეიცარიას, ნორვეგიას, ისლანდიას და ლიხტენშტაინს აერთიანებს. მოლაპარაკების მიზანი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებაა. საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია ექსპორტის ხელშეწყობა საექსპორტო ბაზრების და ნაკადების დივერსიფიკაციის გზით და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ამოქმედების შემდეგ, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან მოლაპარაკების დაწყება ამ მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან შეთანხმების შედეგად, საქართველოში წარმოებული საქონლისა და მომსახურებისთვის გაიხსნება მაღალი მსყიდველუნარიანობის ბაზარი, რომელიც 4 ქვეყანას და 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს. „ეს ხელს შეუწყობს საქართველოს საექსპორტო და საინვესტიციო პოტენციალის გაზრდას და ახალი საწარმოებისა და სამუშაო ადგილების შექმნას" - ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში. საქართველოს მთავრობის და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის მოლაპარაკება 4 სექტემბრამდე გაგრძელდება. პირველ საერთაშორისო შეთანხმებას საქართველო ისლანდიასა და ლიხტენშტაინთან გააფორმებს.

XS
SM
MD
LG