Accessibility links

logo-print

ნატალი საბანაძის განცხადებით, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის თაობაზე არსებობს რეალისტური გეგმა


ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლის ნატალი საბანაძის განცხადებით, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის თაობაზე არსებობს კონკრეტული, რეალისტური გეგმა და წლის ბოლომდე უნდა შეფასდეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. "თუ ეს შეფასება დადებითი იქნება, ველით, რომ ევროკომისია მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას საქართველოს 2016 წლიდან მიეცეს უვიზო მიმოსვლა“, - განუცხადა დღეს თბილისში ჟურნალისტებს ნატალი საბანაძემ. ამასთან, მან აღნიშნა, რომ გასათვალისწინებელია ძალიან რთული კონტექსტი, მიგრაციის კრიზისი, რომელმაც ევროკავშირი მძიმე გამოწვევების წინაშე დააყენა. „ამიტომ, შესაძლოა იყოს ჩვენგან დამოუკიდებელი რაღაც ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს, მაგრამ მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი", - აღნიშნა ნატალი საბანაძემ. დღესვე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ლადო ჭანტურიამ თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მიგრაციის პრობლემამ ხელი არ უნდა შეუშალოს ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის სახელმწიფოებში ლტოლვილების რაოდენობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია.

XS
SM
MD
LG