Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილი: გაგრძელდება რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკა


ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში მუდმივად იყოს საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე მცოცავი ანექსიისა და სამხედრო მილიტარიზაციის პროცესი – განაცხადა თბილისში, ამბასადორიალზე გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, უმთავრესი ყურადღება დაეთმობა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას და ძალისხმევა მიმართული იქნება პარტნიორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის გაზრდისკენ, რათა ერთად აღვუდგეთ წინ საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ უკანონო ქმედებებს. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ გაგრძელდება ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკა და გააქტიურდება დიპლომატიური ურთიერთობების გამყარების პროცესი შორეულ ქვეყნებთან, რათა მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს ჰქონდეს ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებითვე, პრობლემების მიუხედავად გაგრძელდება რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, უსაფრთხოებისა და პოლიტიკის თემებზე მოლაპარაკება ჟენევის საერთაშორისო ფორმატით გაგრძელდება, ხოლო ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ მიმართულებებზე სპეციალური წარმომადგენლები იმუშავებენ. საქართველოს საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა აღნიშნა, რომ დიდი ყურადღება დაეთმობა ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას რეგიონის ქვეყნებთან. "გაგრძელდება სტრატეგიული თანამშრომლობა აზერბაიჯანთან და თურქეთთან და ტრადიციულად ახლო ურთიერთობები ჩვენს მეგობარ სომხეთთან", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

XS
SM
MD
LG