Accessibility links

logo-print

სამხედრო სამსახურიდან სამუდამოდ დაითხოვენ აზარტულ თამაშებში მონაწილე პირებს


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სამხედრო სამსახურიდან სამუდამოდ დაითხოვენ თავდაცვის სამინისტროში, ან შეიარაღებულ ძალებში დასაქმებულ ყველა სამოქალაქო, თუ სამხედრო პირს, რომლსაც აზარტულ თამაშებში მონაწილეობა დაუდასტურდება. თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ მოპოვებული ინფორმაციით, ჯარში თვითმკვლელობის რამდენიმე შემთხვევა გამოიწვია ვალმა, მათ შორის აზარტული თამაშების შედეგად დაგროვილმა ვალებმა. თინა ხიდაშელის თქმით, თავდაცვის სამინისტრო პრევენციულ ზომებთან ერთად პოლიტიკას გაამკაცრებს და ნებისმიერი პირი, რომელიც შემჩნეული იქნება და დაუდასტურდება, რომ აზარტული თამაშებითაა დაკავებული, პირველსავე შემთხვევაში გათავისუფლდება სამხედრო სამსახურიდან აღდგენის უფლების გარეშე. თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, სამსახურიდან დაითხოვენ ნარკოტიკებზე დამოკიდებულ პირებსაც და მათ, ვინც სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მთვრალ მდგომარეობაში იქნებიან შემჩნეულნი. "ყველა ამ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან არავითარი კომპრომისი და ნდობა არ იქნება და არანაირ დამსახურებას არ გავითვალისწინებთ“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა. 1 სექტემბერს, ნორიოს საწვრთნელი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე თავი მოიკლა პირველი ქვეითი ბრიგადის რიგითმა. თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს საქართველოს მთავარი პროკურატურა იძიებს.

XS
SM
MD
LG