Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა უნდა თურქეთის დელეგაციას აფხაზეთში?


სოხუმი
სოხუმი

აფხაზეთის მედიასაშუალებების ცნობით, 2 სექტემბერს თურქეთის რესპუბლიკის ქოჯაელის პროვინციის გუბერნატორი იბრაჰიმ კარაოსმანოღლუ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას, შეხვდა. თურქეთის დელეგაციის მეთაურმა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს აფხაზეთის სხვადასხვა რაიონში მოგზაურობის შთაბეჭდილებები გააცნო. როგორც აფხაზეთის მედია წერს, ილაპარაკეს სამომავლო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივაზეც. საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ეს ვიზიტი თურქეთის მთავრობასთან შეთანხმებული არ ყოფილა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის მთავრობას ამ ვიზიტის გამო საპროტესტო ნოტა უკვე გაუგზავნა და ახსნა-განმარტებას ელის.

2 სექტემბერს თურქეთის დელეგაციის სტუმრობას სოხუმსა და აფხაზეთის რამდენიმე რაიონში აფხაზეთის არაერთი მედიასაშუალება აშუქებს. „მართალია, პოლიტიკურად ჩვენ აღიარებულები არ ვართ, მაგრამ შეგვიძლია და მზად ვართ ვაშენოთ ეკონომიკური და სავაჭრო კავშირები თურქეთთან“, - ციტირებს „აბაზა ტვ“ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას, რომელმაც თურქეთის დელეგაცია მიიღო. თავის მხრივ, როგორც აფხაზური მედია იტყობინება, ქოჯაელის გუბერნატორმა იბრაჰიმ კარაოსმანოღლუმ განაცხადა, რომ ისინი მზად არიან აფხაზეთთან ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისათვის:

„ჩვენ ნამდვილად ვგრძნობთ, რომ ჩამოვედით ძმებთან... ჩვენ დავპატიჟეთ ოჩამჩირის ხელმძღვანელობა 29 ოქტომბერს თურქეთში, რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებზე“.

როგორც თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ირაკლი კოპლატაძემ მედიასთან საუბარში განაცხადა, თურქეთის დელეგაციის აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით საქართველომ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ნოტით უკვე მიმართა. მისი თქმით, თურქეთში საქართველოს საელჩომ ამ ვიზიტის შესახებ რამდენიმე დღით ადრე იცოდა. თავად ფაქტს ელჩი იმით ხსნის, რომ თურქეთში დღეს წინასაარჩევნო პერიოდია და ქვეყანას დროებითი მთავრობა ჰყავს, თურქეთის ცენტრალურ ხელისუფლებაში კი განმარტავენ, რომ ამ ვიზიტის თაობაზე ისინი ინფორმირებულნი არ ყოფილან:

“თურქეთის მთავრობა ცალსახად ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რაც მათ გაეროს რეზოლუციისადმი მხარდაჭერითაც დაადასტურეს, მაგრამ დღეს თურქეთში მოქმედებს დროებითი, საარჩევნო მთავრობა, მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია, საპარლამენტო არჩევნები იქ პირველ ნოემბერსაა დანიშნული და, თურქული მხარის განმარტებით, სწორედ ამ ვითარებით შეიძლება ისარგებლონ ადგილებზე ცალკეული მუნიციპალიტეტებისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა“.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს არაოფიციალური ვიზიტი იყო, საქართველოსთვის ის ყოვლად მიუღებელია“ , - ასე გამოეხმაურა თურქეთის დელეგაციის აფხაზეთში ჩასვლის ფაქტს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი:

„ცალსახად და გარკვევით უნდა ითქვას, რომ ასეთი ჯგუფების ჩასვლა აფხაზეთში, მით უმეტეს, ოფიციალური პირების, თუნდაც არაოფიციალური ვიზიტით, ჩვენთვის მიუღებელია და ეწინააღმდეგება კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. თურქეთი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა და, იმედია, მოახერხებს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი პასუხი გასცეს“.

ოპოზიცია ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მას არა აქვს ქვეყნის ინტერესების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის უნარი. ამ სიტყვების ავტორი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი მინაშვილი, მომხდარს სწორედ ასეთი პოლიტიკის შედეგად მიიჩნევს:

„ამ ფონზე, ბუნებრივია, რომ ჩნდება გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ხედავენ, რომ ხელისუფლებისგან მწვანე შუქია ანთებული და არღვევენ წლების წინ მიღებულ კანონს“.

„მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტი - საქართველოს“ დირექტორის ლევან გერაძის ვარაუდით, მიუხედავად თურქეთის ინტერესებისა აფხაზეთში, თურქეთის სახელმწიფოსგან აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას იმაზე მეტი მხარდაჭერა არ ექნება, რაც ჰქონდა დღემდე. დელეგაციის ვიზიტი კი შესაძლოა აიხსნას იმით, რომ წინასაარჩევნოდ თურქეთს თავისსავე ტერიტორიაზე მცხოვრები აფხაზების საარჩევნო ხმები სჭირდება:

„მაინც მგონია, რომ ეს თურქეთის მხრიდან პოლიტიკურ მხარდაჭერას არ წარმოადგენს. ახლა იქ არის წინასაარჩევნო პერიოდი და, სავარაუდოდ, ეს ვიზიტიც აფხაზურენოვანი აბაზურ-ჩერქეზული მოსახლეობის მხარდაჭერის მიღებას ემსახურება. თუმცა ბუნებრივია, რომ ასეთი ფაქტები საქართველომ ურეაქციოდ არ უნდა დატოვოს და ძალიან მწვავე შეფასებები უნდა გააკეთოს, იმიტომ რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სხვა ქვეყნის მაღალი წარმომადგენლების ჩასვლა ყოველთვის მტკივნეულად უნდა იყოს აღქმული და ამას სათანადო რეაქცია მოჰყვეს“.

„ეხო კავკაზას“ მთავარი რედაქტორი დემის პოლანდოვი კი ამბობს, რომ თურქეთის პროვინციის გუბერნატორის ვიზიტი აფხაზეთის მთავრობაში ერთგვარ გამარჯვებად აღიქმება. აფხაზეთის საგარეო საქმეთა უწყებაში ცალკე დეპარტამენტიც კი მუშაობს, რომელსაც თურქეთთან ურთიერთობა აბარია. აფხაზები მიდიან თურქეთში და, პირიქით. თუმცა, პოლანდოვის თქმით, იქაც ყველას ესმის, რომ ეს ვიზიტი თურქეთის მხრიდან აფხაზეთის აღიარებასთან კავშირში არ არის. თავად პოლანდოვი მიიჩნევს, რომ თურქეთის გუბერნატორის ვიზიტის მიღმა თურქეთის შიდაპოლიტიკური ვითარება დგას - კერძოდ, ის, რომ გუბერნატორი იბრაჰიმ კარაოსმანოღლუ წარმოადგენს მმართველ პარტია „სამართლიანობა და განვითარებას“, რომელმაც ბოლო არჩევნებზე, 2015 წლის ივნისში, უმრავლესობა დაკარგა და იძულებული გახდა კოალიციური მთავრობა ჩამოეყალიბებინა, რომელშიც ოპოზიციური პარტიები არ შესულან. ნოემბრისათვის მათ რიგგარეშე არჩევნები დანიშნეს. უმთავრესი პოლიტიკური ძალა კი, რომელიც მათ საარჩევნო ხმებს ართმევს, არის მემარცხენე „სახალხო დემოკრატიული პარტია“. ის უმცირესობათა საკითხებს ლობირებს და მუშაობს ქურთების, ჩერქეზებისა და ლაზების უფლებებზე. პოლანდოვის შეფასებით, ქოჯაელის პროვინციის გუბერნატორის ვიზიტიც იმის ხაზგასმაა, რომ უმცირესობებს მმართველი პარტიაც უთმობს ყურადღებას. როგორც ჩანს, ამბობს დემის პოლანდოვი, ამ შიდა ბრძოლამ აფხაზეთის ტერიტორიაზეც გადაინაცვლა, რასაც, ცხადია, მოჰყვებოდა საქართველოს ხელისუფლების პროტესტი.

აფხაზური მედიის ცნობით, ქოჯაელში 30 000 აფხაზი ცხოვრობს და იქ აფხაზური კულტურის ცენტრიც ფუნქციონირებს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG