Accessibility links

logo-print

მეჭიაური აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ბოდიშს ივანიშვილს მოუხდის


პარლამენტის დეპუტატი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ თავისი გამონათქვამის გამო ბოდიშს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს მოუხდის, თუ მას დისკომფორტი შეუქმნა. მეჭიაურისგან საზოგადოებისთვის ბოდიში მოხდას საინიციატივო ჯგუფი ითხოვს, რომელმაც პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ვებგვერდ manifest.ge-ზე საინიციატივო ჯგუფი მიმართავს საქართველოს პარლამენტს, თამაზ მეჭიაურმა ბოდიში მოიხადოს გუშინდელი განცხადების გამო, რომელიც მან საქართველოს პრეზიდენტის მისამართით გააკეთა. "2015 წლის 2 სექტემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პარლამენტარმა თამაზ მეჭიაურმა, საქართველოს პრეზიდენტი მოიხსენია, როგორც "ენჯეოშნიკი სოროსელი", რომელიც "ნერვებს უშლის" (იგულისხმებოდა ვეტოს უფლების გამოყენება) მასაც და მოსახლეობასაც. მივიჩნევთ, რომ პარლამენტის წევრის მიერ პრეზიდენტის მსგავსი შეფასება წარმოადგენს პრეზიდენტის, როგორ ინსტიტუტის შეურაცხყოფას, ატარებს უკიდურესად ნეგატიურ ხასიათს და არ შეესაბამება დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლების შტოებს შორის დამოკიდებულების პრინციპებს. თავის გამოსვლით თამაზ მეჭიაურმა ასევე დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი კონტექსტი მიანიჭა არასამთავრობო სექტორის წევრობას და კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რაც ასევე მიუღებელი და აღმაშფოთებელია“, - ნათქვამია განცხადებაში.

XS
SM
MD
LG