Accessibility links

ავსტრიამ და გერმანიამ შეთანხმებულად გაუხსნეს საზღვრები ათასობით მიგრანტს, ძირითადად სირიიდან ლტოლვილებს


ავსტრიამ და გერმანიამ შეთანხმებულად გაუხსნეს შაბათს საზღვრები ათასობით მიგრანტს, ძირითადად სირიიდან ლტოლვილებს. ავსტრიის ხელისუფლების ცნობით, ქვეყანაში ჩავიდა 6 ათასზე მეტი მიგრანტი. ზალცბურგში, უკანასკნელ პუნქტში გერმანიის საზღვრამდე, ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლებმა და მოხალისეებმა ლტოლვილებს თბილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი დაურიგეს. სპეციალურმა მატარებლებმა შვიდი ათასამდე მიგრანტი ჩაიყვანა ბავარიაში. მიუნხენის პოლიციის ცნობით, არაბი თარჯიმნები ეხმარებიან ლტოლვილებს რეგისტრაციის გავლაში სპეციალურ კრიზისულ ცენტრებში. მიგრანტები აღნიშნავენ, რომ ისინი უნგრეთში სრულიად სხვა დამოკიდებულებას წააწყდნენ - იქ ლტოლვილთა თავშეყრის ადგილებში ქაოსი სუფევდა, ხდებოდა არეულობა და შეტაკებები. უნგრეთის ხელისუფლებამ მხოლოდ პარასკევს ღამით გამოყო ასზე მეტი ავტობუსი, რომლებითაც მიგრანტები ავსტრიის საზღვრამდე ჩაიყვანეს. მანამდე უნგრეთში გაუქმდა დასავლეთის მიმართულების ყველა სარკინიგზო რეისი. შაბათსვე ბუდაპეშტში ჩავიდნენ ლტოლვილთა ახალი ჯგუფები ბალკანეთიდან, სადაც ისინი ხვდებიან თურქეთიდან და საბერძნეთიდან. ამ ქვეყნებში კი ისინი ზღვით აღწევენ. ლტოლვილები ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებიდან არიან და ისინი სამხედრო მოქმედებებს გაურბიან.

XS
SM
MD
LG