Accessibility links

logo-print

თბილისში ისრაელის კომპანიასთან პარტნიორობით იწყება საავიაციო ნაწილების საწარმოს მშენებლობა


საქართველოს საპარტნიორო ფონდისა და ისრაელის კომპანია ELBIT Systems-ის პარტნიორობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე იწყება საავიაციო ნაწილების საწარმოს მშენებლობა. პროექტის მთლიანი საინვესტიციო მოცულობა 85 მილიონი დოლარია, საწარმოს გახსნა კი 2017 წლისთვისაა დაგეგმილი. ოფიციალური ინფორმაციით, ახალ ქარხანაში დასაქმდება საქართველოს 300 მოქალაქე, რომლებსაც ისრაელიდან მოწვეული წამყვანი სპეციალისტები გადაამზადებენ. მშენებლობისთვის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიაზე გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში პირველად შენდება საერთაშორისო მნიშვნელობის საავიაციო ნაწილების საწარმო, რომლის მიერ მაღალტექნოლოგიური მასალებით დამზადებული, სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის განკუთვნილი ნაწილების მომხმარებლები იქნებიან Boeing-ის, Bombardier-ის, Sukhoi-ს, Airbus-ის მსგავსი გიგანტები. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უმნიშვნელოვანესი პროექტი ხორციელდება მსოფლიოში ცნობილი კომპანია ELBIT Systems-ის მონაწილეობით, რომელიც თავდაცვითი სისტემების მსხვილი მიმწოდებელია არაერთი წამყვანი ქვეყნისთვის, მათ შორის აშშ-ის, კანადისა და დიდი ბრიტანეთისთვის. „ჩვენთვის პატივია, რომ ამ კომპანიის პრეზიდენტი ბატონი მაჰლი დღეს ჩვენთანაა, ასეთმა მნიშვნელოვანმა კომპანიამ გამოგვიცხადა ნდობა და ასეთი მოცულობის ინვესტიციას დებს საქართველოში" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობის მმართველობისას ისრაელის კომპანია ELBIT Systems-ს უსამართლოდ შეუქმნეს პრობლემები, რომელთა გამოც საქართველოს წინა მთავრობას კომპენსაციის გადახდა მოუწია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, კომპანიის დაბრუნება წინა ხელისუფლების დროს დაკარგული ნდობის აღდგენას ნიშნავს.

XS
SM
MD
LG