Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში თალიბანმა ციხეზე მიიტანა იერიში


ავღანეთის ცენტრალურ რეგიონში მდებარე ქალაქ ღაზნიში თალიბანის ექსტრემისტებმა ციხეზე მიიტანეს იერიში, დახოცეს პოლიციელები და გაათავისუფლეს ასობით პატიმარი. ღაზნის პროვინციის გუბერნატორის მოადგილე, მოჰამად ალი აჰმადი აცხადებს, რომ თავდასხმა 14 სექტემბერს, დილით ადრე დაიწყო, თვითმკვლელი მოიერიშის მიერ დანაღმული მანქანის აფეთქებით, რამაც სხვა მეამბოხეებს ციხის ტერიტორიაზე შეღწევის საშუალება მისცა. აჰმადის ინფორმაციით, გაიქცა 400-ზე მეტი ტუსაღი, მათგან დაახლოებით 80 დააკავეს, მაგრამ გარეთ რჩება 350-ზე მეტი პატიმარი, მათ შორის თალიბანის 150 წევრი. ამავე წყაროს ცნობით, თავდასხმას ემსხვერპლნენ თალიბანის შვიდი წევრი და პოლიციის ოთხი წარმომადგენელი. აჰმადიმ ჟურნალისტებს უთხრა, ციხისკენ მიმავალი გზები წინასწარ იყო დანაღმული, რათა ადგილზე პოლიციის დამატებითი ძალები არ მოსულიყოო. ერთი სამხედრო მანქანა, რომლითაც პოლიციის ძალები გადაადგილდებოდნენ, გზაზე დამონტაჟებულმა ბომბმა ააფეთქა. თალიბანის პრესმდივანმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა დაადასტურა, რომ იერიში ჯგუფმა მოაწყო. მისი თქმით, თავდასხმაში მონაწილეობდნენ შეიარაღებული პირები და სამი თვითმკვლელი მოიერიშე.

XS
SM
MD
LG