Accessibility links

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები მერაბ ტურავასთან კლინიკაში მივიდნენ


საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი და რამდენიმე მოსამართლე მივიდნენ კლინიკაში, სადაც მოსამართლე მერაბ ტურავა იმყოფება. ტურავა 15 სექტემბერს არ დაესწრო გადაწყვეტილების გამოცხადებას პარლამენტის წინააღმდეგ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას სარჩელზე, მისი არყოფნის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. დღეს უფრო ადრე საკონსტიტუციო სასამართლომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ამბობს, რომ სასამართლომ ტურავას არაერთხელ შესთავაზა ხელმოწერა მისთვის სასურველ დროსა და ადგილას, მაგრამ“აღნიშნულ შეთავაზებაზე მან უარი განაცხადა, ურთიერთგამომრიცხავი მიზეზები დაასახელა მის გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით“. სასამართლო აცხადებს, რომ მიზანშეწონილად მიიჩნევს განმეორებით მისცეს შესაძლებლობა მოსამართლე მერაბ ტურავას, რომ მან განახორციელოს კანონით დაკისრებული ვალდებულება. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას სარჩელი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე ნორმის შესახებ, საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითი განხილვისთვის წელს ივნისში მიიღო, გადაწყვეტილება კი 15 სექტემბერს უნდა გამოეცხადებინა. გიგი უგულავა პრობლემურად მიიჩნევს კოდექსის რამდენიმე ნორმას, მათ შორის იმ გარემოებას, რომ პატიმრობის გამოყენების ცხრათვიანი ვადა რამდენიმე ბრალდების საქმეზე დამოუკიდებლად აითვლება და შესაბამისად, ჯამში შესაძლოა 9 თვეს გადააჭარბოს.

XS
SM
MD
LG