Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერაბ ტურავა აცხადებს, რომ შეეძლო გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერა, წაკითხული რომ ჰქონოდა


საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავა, რომელიც 15 სექტემბერს არ დაესწრო გადაწყვეტილების გამოცხადებას პარლამენტის წინააღმდეგ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას სარჩელზე, აცხადებს, რომ გადაწყვეტილებაზე ხელის არმოწერის მიზეზი იყო არა იმდენად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რამდენადაც ის გარემოება, რომ მას საკმარისი დრო არ ჰქონდა გადაწყვეტილების წასაკითხად.ტურავამ ეს განცხადება გააკეთა ტელეკომპანია „მაესტროსთან“ საუბარში. მანამდე მასთან კლინიკაში იმყოფებოდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი და რამდენიმე მოსამართლე. მათ კლინიკა ისე დატოვეს, რომ არ უთქვამთ მოაწერა თუ არა ხელი ტურავამ გადაწყვეტილებას. უფრო ადრე საკონსტიტუციო სასამართლომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ამბობს, რომ სასამართლომ ტურავას არაერთხელ შესთავაზა ხელმოწერა მისთვის სასურველ დროსა და ადგილას, მაგრამ “აღნიშნულ შეთავაზებაზე მან უარი განაცხადა, ურთიერთგამომრიცხავი მიზეზები დაასახელა მის გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით“. სასამართლო აცხადებს, რომ მიზანშეწონილად მიიჩნევს განმეორებით მისცეს შესაძლებლობა მოსამართლე მერაბ ტურავას, რომ მან განახორციელოს კანონით დაკისრებული ვალდებულება. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას სარჩელი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე ნორმის შესახებ, საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითი განხილვისთვის წელს ივნისში მიიღო, გადაწყვეტილება კი 15 სექტემბერს უნდა გამოეცხადებინა. გიგი უგულავა პრობლემურად მიიჩნევს კოდექსის რამდენიმე ნორმას, მათ შორის იმ გარემოებას, რომ პატიმრობის გამოყენების ცხრათვიანი ვადა რამდენიმე ბრალდების საქმეზე დამოუკიდებლად აითვლება და შესაბამისად, ჯამში შესაძლოა 9 თვეს გადააჭარბოს.

XS
SM
MD
LG