Accessibility links

logo-print

უკრაინის ხელისუფლებამ ახალი სანქციები დააწესა


სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ რეგიონებში დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით, უკრაინამ ახალი სანქციები დაუწესა და გააგრძელა არსებული სანქციები რუსი პოლიტიკოსებისა და კომპანიების, აგრეთვე „ბი-ბი-სი“-ს, გერმანული და ესპანური გაზეთების ჟურნალისტების მიმართ. პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს 16 სექტემბრის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ეს არის პასუხი დონეცკსა და ლუგანსკში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების „უკანონო არჩევნების“ დანიშვნის გადაწყვეტილებაზე. დონეცკის რეგიონში სეპარატისტების ლიდერმა ალექსანდრ ზახარჩენკომ განაცხადა, რომ ადგილობრივი არჩევნები 18 ოქტომბერს ჩატარდება. ლუგანსკში არჩევნები 1 ნოემბერს არის დაგეგმილი. მინსკის სამშვიდობო შეთანხმებაში არის მოწოდება, რომ ადგილობრივი არჩევნები უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ჩატარდეს ერთ დღეს. უკრაინის ადგილობრივი არჩევნები 25 ოქტომბერს არის დანიშნული. „ეს რისკიანი და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება ჩვენგან მოითხოვს მტკიცე და კოორდინირებულ რეაქციას იმ საფრთხეზე, რომელსაც ის მინსკის შეთანხმებებს უქმნის და ასეთი პასუხი არის სანქიების გაგრძელება და გაფართოება“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ 16 სექტემბერს უცხო ქვეყნების ელჩებთან შეხვედრაზე. ახალი სანქციები ეხება 400-ზე მეტ პირსა და 90 კომპანიას, აგრეთვე სხვა ერთეულებს, მათ შორის - რუსეთის თავდაცვის მინისტრს, პარლამენტის სპიკერს, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების ლიდერებს, რუსეთის კომპანიებს „აეროფლოტსა“ და „გაზპრომბანკს“. უკრაინის ხელისუფლების მიერ დაწესებული სანქციები ეხებათ აგრეთვე მოსკოვში მომუშავე „ბი-ბი-სი“-ს ორ ბრიტანელ და ერთ რუს ჟურნალისტს, გერმანულ გაზეთ „დი ცაიტისა“ და ესპანური „ელ პაისის“ კორესპონდენტებს. „ბი-ბი-სი“-ს უცხოეთის განყოფილების რედაქტორმა ენდრიუს როიმ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ უკრაინის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება არის „სამარცხვინო თავდასხმა მედიის თავისუფლებაზე“: „ეს სანქციები არის სრულიად შეუსაბამო და აუხსნელი ზომები „ბი-ბი-სი“-ს ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც უკრაინაში არსებულ ვითარებაზე მიუკერძოებლად და ობიექტურად ყვებიან. მოვუწოდებთ უკრაინის მთავრობას - დაუყოვნებლივ ამოიღოს მათი სახელები სანქცირებულთა სიიდან“. სიაში არიან აგრეთვე: „ტასის“ „ენ-ტე-ვე“-ს, „იზვესტია“-ს და „როსიისკაია გაზეტას“ ჟურნალისტები. სიაში მოხვედრილი ესპანელი ჟურნალისტებიდან ორი - ანტონიო პამპლიეგა და ანგელ სასტრე ივლისში უგზოუკვლოდ გაუჩნარდნენ სირიაში.

XS
SM
MD
LG