Accessibility links

logo-print

ციპრასი: საბერძნეთის არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას „მკაფიო მანდატი“ აქვს


საბერძნეთის ულტრამემარცხენე პარტია „სირიზას“ ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი აცხადებს, რომ მის პარტიას „მკაფიო მანდატი“ აქვს ბოლო ცხრა თვის განმავლობაში უკვე მეორე საყოველთაო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. მისივე თქმით, საფინანსო კრიზისის დაძლევა მხოლოდ“ მძიმე შრომით“ არის შესაძლებელი. ციპრასი, სავარაუდოდ, 21 სექტემბერის საღამოს მიიღებს მთავრობის შექმნის ოფიციალურ დავალებას. 20 სექტემბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, მის „სირიზას“ ერგო ყველაზე მეტი ხმა - ხმების 35,5%. ის აცხადებს, რომ აპირებს კოალიციის შექმნას მემარჯვენე პარტია “დამოუკიდებელ ბერძნებთან“ ერთად, რაც ნიშნავს, რომ განაახლებს კოალიციას, რომელიც არსებობდა აგვისტოში ციპრასის გადადგომამდე და ვადამდელი არჩევნების დანიშვნამდე. „სირიზამ“ პირველად წელს იანვრის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა დაპირებით, რომ ბოლოს მოუღებდა მომჭირნეობის პოლიტიკას. მაგრამ პრემიერ-მინისტრის რანგში ციპრასი იძულებული გახდა, დაყაბულებოდა მკაცრ ზომებს უცხოელი დონორებისაგან დახმარების მესამე პაკეტის მისაღებად. ევროკავშირმა ციპრასს მიულოცა არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვება და განაცხადა, რომ საბერძნეთმა დრო არ უნდა დაკარგოს, ისე შეუდგეს რეფორმების განხორციელებას.

XS
SM
MD
LG