Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკა ასათიანმა მცდარი უწოდა „მაესტროს“ შესახებ გიორგი გაჩეჩილაძის განცხადებას


ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთ-ერთი პარტნიორის, გიორგი გაჩეჩილაძის განცხადებას არხის მიზანმიმართული გაკოტრების შესახებ, მცდარი უწოდა „მაესტროს“ 25%-იანი წილის მფლობელმა მაკა ასათიანმა. მისი განცხადებით, კომპანიის ყველა პარტნიორისთვის წინასწარ იყო ცნობილი, რომ სასამართლოსადმი „მაესტროს" მენეჯმენტის მიმართვა გადახდისუუნაროდ აღიარების და გაკოტრების თხოვნით, არ წარმოადგენდა კომპანიის დირექტორის დისკრეციულ უფლებამოსილებას და იყო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი, აუცილებელი ვალდებულება, რომლის დარღვევა გამოიწვევდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. მაკა ასათიანი აღნიშნავს, რომ „მაესტროს" ერთ-ერთი პარტნიორის განცხადება მოულოდნელობაზე, ან ტელეკომპანიის მიზანმიმართულ გაკოტრებაზე გაუგებარი, მცდარი და საზოგადოების შეცდომაში შემყვანია. „სამწუხაროა ისიც, რომ ეს განცხადება პარტნიორმა გააკეთა კონკურენტი ტელეკომპანიების ეთერით და პოპულისტურია მისი განცხადებაც რეაბილიტაციის გეგმის თაობაზე, რადგან სინამდვილეში პარტნიორებისა და მენეჯმენტისათვის არ შეუთავაზებია კონკრეტული და რეალისტური გეგმა“, - ნათქვამია მაკა ასათიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „მაესტროს“ 25%-იანი წილის მფლობელი პირობას დებს, რომ კანონის სრული დაცვით გააკეთებს ყველაფერს, რათა სამართლებრივმა პროცესებმა ხელი არ შეუშალოს ტელეკომპანიის შეუფერხებელ ფუნქციონირებას, სრულ სარედაქციო დამოუკიდებლობას და შემდგომ განვითარებას. ტელეკომპანია „იმედმა“, სტუდია „მაესტროს“ ერთ-ერთ პარტნიორზე გიორგი გაჩეჩილაძეზე დაყრდნობით, 21 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ "მაესტროს" დირექტორმა ბაია გადაბაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა არხის გაკოტრებულად გამოცხადების თხოვნით, რასაც გაჩეჩილაძემ მიზანმიმართული ქმედება უწოდა. მისივე ინფორმაციით, პარტნიორთა კრებაზე ერთ-ერთმა მეწილემ, მაკა ასათიანმა მის მიერ აღებული კრედიტის დაუყოვნებლივ დაფარვა მოითხოვა, რის შემდეგაც პარტნიორებმა გაკოტრების პროცედურა დაიწყეს. გიორგი გაჩეჩილაძემ, რომლის განცხადებითაც, „მაესტროს“ რეაბილიტაციის გეგმა შესთავაზა, კომპანიის გაკოტრების პროცედურა დაუკავშირა გეგმას, რომ ტელეკომპანია აუქციონზე გაიყიდოს და უცხოელი მფლობელების ხელში აღმოჩნდეს.

XS
SM
MD
LG