Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

სტიქიით დაზარალებულები უკმაყოფილო არიან სადაზღვევო კომპანიის მომსახურებით ზუგდიდში


ზუგდიდის სოფელ კახათსა და ახალკახათში მცხოვრებლები უკმაყოფილო არიან სადაზღვევო კომპანიის მომსახურებით. საუბარია თხილის პლანტაციის მფლობელებზე, რომელთაც მოსავალი დაზღვეული ჰქონდათ „აი სი ჯგუფში“. გლეხები, რომელთაც ივნისში ატეხილმა ძლიერმა ქარმა თხილის დიდი ნაწილი გაუნადგურა, აცხადებენ, რომ სადაზღვევო კომპანიამ არ შეასრულა წინასწარ გაცემული დაპირება და მათ მხოლოდ ზიანის მესამედი აუნაზღაურა:

„3 000 ლარი ვისაც ეკუთვნოდა, სადაზღვევო კომპანიიდან მისცეს 200 ლარი“, - ამბობს ახალკახათელი სვეტა შეროზია.

„ვისაც დაზღვეული ჰქონდა, მათ სახლებში მივიდნენ, აღწერეს და თანხაც მისცეს, მაგრამ ზოგიერთმა ის უკან მიაბრუნა. აი, ბოლოს რომ ნახეს, საქმე ცუდად მიდიოდა, მაშინ უკან დააბრუნეს“, - გვითხრა ლელა ქუთელიამ.

„არაფერი არ გამოვიდა ეს დაზღვევა. პროცენტები რაც ოჯახმა დახარჯა, ნახევარიც არ გამოვიდა ამ დაზღვევიდან“, - ამბობს ახალკახათში მცხოვრები ნინო სახოკია.

კახათელ ზაალ ლოგუას კი ერთი ჰექტარი თხილის პლანტაცია ჰქონდა დაზღვეული. ივნისში ქარმა ოჯახის უმთავრესი შემოსავლის ნახევარზე მეტი გაუნადგურა. სადაზღვევო კომპანიისგან მან 1000 ლარი მიიღო, ეს კი, ზაალ ლოგუას განცხადებით, არ შეესაბამება შეთანხმებას, რაც „აი სი ჯგუფთან“ მანამდე ჰქონდა:

„ჩვენ ასე გვითხრეს, რომ დასხდნენ კომისიაში ექსპერტები და 28 %-მდე შეამცირესო. პირველად რომ ჩამოვიდა კომისიიდან „აი სი ჯგუფის“ წარმომადგენელი, მაშინ 51-59% დამისვეს და მერე 28 %-მდე დაუყვანიათ. ფული მომცეს ერთ ჰექტარზე 1000 ლარი“.

სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფის“ აგროპროექტების მენეჯერმა იმედა ალხაზიშვილმა რადიო თავისუფლებას ივნისის თვეში განუცხადა, რომ დაზღვეულ ყველა გლეხს მიყენებული ზიანი პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით აუნაზღაურდებოდა. ამჟამად კი იმედა ალხაზიშვილმა თავად კომენტარის გაკეთება არ ისურვა. თქვა, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი თავად დაგვიკავშირდებოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. სადაზღვევო კომპანიის ვებგვერდზე კი ვკითხულობთ, რომ „აი სი ჯგუფი“ აქტიურადაა ჩართული ანაზღაურების პროცესში და რომსადაზღვევო ხელშეკრულებების მიხედვით სამეგრელოში 900-ზე მეტი ოჯახი მიიღებს თანხას. „აი სი ჯგუფის“ ცნობით, ანაზღაურება მიმდინარეობს დაზღვევის ხელშეკრულებებით. გათვალისწინებულითხილის ფასის 100 %-იანი ოდენობით სადაზღვევო კომპენსაცია, მათივე ინფორმაციით, რეგიონში ბენეფიციარებს თვის შუა რიცხვებამდესრულადჩაერიცხებათ, სულ კი ასანაზღაურებელი თანხა 250 ათას ლარს გადააჭარბებს.

სამეგრელოს რეგიონში ძლიერი ქარი 8 და 9 ივნისს დაფიქსირდა. მაშინ სტიქიამ, ზუგდიდის მსგავსად, დააზარალა ჩხოროწყუს, სენაკის, აბაშის, ხობისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG