Accessibility links

აზერბაიჯანში პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელს არ იცნობენ სომხეთის ოპოზიციური ლიდერები


სომხეთის ოპოზიციისა და სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტები აცხადებენ, რომ არ იცნობენ პირს, რომელმაც გასულ კვირაში აზერბაიჯანში მოითხოვა პოლიტიკური თავშესაფარი. 18 სექტემბერს აზერბაიჯანში გამართულ პრესკონფერენციაზე 32 წლის სომხეთის მოქალაქემ ვაჰან მარტიროსიანმა განაცხადა, რომ ის არის სამოქალაქო აქტივისტი, „ერის გათავისუფლების მოძრაობის“ ლიდერი, რომელსაც სომხეთში ავიწროებენ. მან დატოვა სომხეთი და საქართველოს გავლით ჩავიდა აზერბაიჯანში იმის მიუხედავად, რომ სომხეთში ის ქურდობაშია ეჭვმიტანილი და აკრძალული ჰქონდა ქვეყნის დატოვება. რადიო თავისუფლების სომხურენოვან სამსახურს სომხეთის ოპოზიციის ლიდერებმა განუცხადეს, რომ არასდროს შეხვედრიან ვაჰან მარტიროსიანს: „მე თვითონ ვარ სხვადასხვა სამოქალაქო ინიციატივების მონაწილე და ფიზიკურად ის არც ერთ მოძრაობაში არ მინახავს“, - განაცხადა მაქსიმ სარგსიანმა, ჯგუფის - „არა ძარცვას“ წევრმა. ამ ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის საწინააღმდეგო აქციები. სომხეთის ოპოზიციური პარტიის „აყვავებული სომხეთის“ ლიდერმა ნაირა ზოჰრაბიანმა, რომელიც აგრეთვე მონაწილეობდა რამდენიმეთვისწინანდელ ანტისამთავრობო გამოსვლებში, განაცხადა, რომ პირველად მარტიროსიანის სახე ნახა მედიაში, რომელიც მისი ცემის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. „თუმცა, მანამდე ამ სახელითა და გვარით არც პოლიტიკურ ფიგურას და არც სამოქალაქო აქტივისტს არასდროს ვიცნობდი“, - განაცხადა ზოჰრაბიანმა, რომელიც ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში სომხეთის დელეგაციის წევრია.

XS
SM
MD
LG