Accessibility links

საქართველოს მთავრობის დღევანდელი სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო


საქართველოს მთავრობის დღევანდელი სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა პატივი მიაგეს ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურის, ვასილ ყულჯანიშვილის ხსოვნას და მის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველი ჯარისკაცის დაღუპვას ტრაგედია და უდიდესი დანაკარგი უწოდა. პრემიერმა თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს დაავალა დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, ხოლო ფინანსთა სამინისტროს - კანონით განსაზღვრული 100 ათასი ლარის კომპენსაციის გადახდა დაღუპული სამხედროს ოჯახისთვის. მთავრობის სხდომის დაწყებამდე თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ მთელი ღამის განმავლობაში სამინისტროს და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელები დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ოჯახთან ერთად იმყოფებოდნენ. „შემიძლია, გულწრფელად გითხრათ, რომ იშვიათად მინახავს ახალგაზრდა ქალი, დედა, რომელსაც აცნობეს შვილის დაღუპვის შესახებ და რომელიც ასე გმირულად შეხვდა ამ ამბავს" - განაცხადა თინა ხიდაშელმა. მისი ინფორმაციით, ავღანეთში პატრულირებისას დაჭრილ პაატა როსტობაიას, რომელსაც ოპერაცია ადგილზე გაუკეთეს, დღეს გერმანიის კლინიკაში გადაიყვანენ, მოგვიანებით კი ის სამშობლოში დაბრუნდება. თინა ხიდაშელის ცნობითვე, ავღანეთში ინციდენტი პატრულირების დროს მოხდა და ბაზაზე თავდასხმა არ განხორციელებულა.

XS
SM
MD
LG