Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სეპარატისტებმა ჰუმანიტარულ სამსახურებს მოსთხოვეს ლუგანსკის დატოვება


ხუთშაბათს გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ჰუმანიტარულ საკითხებში სტივენ ო’ბრაიენმა განაცხადა, რომ სეპარატისტებმა, რომლებიც უკრაინის ლუგანსკის ოლქის ტერიტორიის ნაწილს აკონტროლებენ, მოითხოვეს გაეროს სამსახურებისა და უცხოეთის საქველმოქმედო ორგანიზაციების მიერ რეგიონის დატოვება. სტივენ ო’ბრაიენმა შეშფოთება გამოთქვა სეპარატისტთა ამ გადაწყვეტილების გამო. გაეროს სამსახურებს ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის დატოვების ვადად პარასკევი დაუწესდათ, ზოგიერთ უცხოურ არაკომერციულ ორგანიზაციას კი - შაბათი. ორგანიზაციამ - „ექიმები უსაზღვრებოდ“ დახურა თავისი ოფისი ლუგანსკში. სტივენ ო’ბრაიენის განცხადებით, რეგიონის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების წყაროების გადაკეტვა არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა. ლუგანსკში ჰუმანიტარული ორგანიზაციების მუშაობის შეწყვეტის შედეგად დაზარალდება რეგიონის დაახლოებით 150 ათასი მცხოვრები, რომელიც ყოველთვიურად იღებს სურსათის საჭირო მარაგს. გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის ინფორმაციით, უცხოური ორგანიზაციების შეზღუდვის გამო, შეჩერდა რეგიონში 16 ათასი ტონა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტვირთების შეტანა, მათ შორის - მედიკამენტების. ხუთშაბათს ლუგანსკის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ რეგისტრაციაზე უარი განუცხადა უცხოეთის 11-დან 10 არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს მოსახლეობას.

XS
SM
MD
LG