Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეირანი აცხადებს, რომ ჰაჯის ტრაგედიას ემსხვერპლა 131 ირანელი


ირანის ოფიციალური პირების განცხადებით, სულ მცირე 131 ირანელი იყო იმ 700-ზე მეტ მომლოცველს შორის, რომლებიც 24 სექტემბერს ჭყლეტას ემსხვერპლნენ საუდის არაბეთში, ჰაჯის რიტუალისას. 1990 წლის შემდეგ ეს ყველაზე დიდი მასშტაბის ტრაგედიაა ამ ყოველწლიურ ისლამურ ღონისძიებაზე. ირანის ჰაჯის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, საიდ ოჰადიმ ოფიციალურ სააგენტო „ირნას“ უთხრა, რომ შესაძლოა ირანელებს შორის მსხვერპლი კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს, რადგან 60 ადამიანია დაშავებული. საუდის არაბეთის წარმომადგენლების თქმით, სულ მცირე 717 ადამიანი დაიღუპა და 805-ზე მეტი დაშავდა ჭყლეტაში, რომელიც ეშმაკის ჩაქოლვის რიტუალის ადგილთან ახლოს მოხდა. ირანის ლიდერები, მათ შორის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, კრიტიკულად აფასებენ საუდის არაბეთის ხელისუფლების ქმედებებს და მათ აკისრებენ პასუხისმგებლობას, რომ ვერ გაუმკლავდნენ ხალხის დიდ ნაკადს. საუდის არაბეთის ჯანდაცვის მინისტრის, ხალიდ ალ-ფალიდის თქმით, ტრაგედიის მიზეზი ის იყო, რომ მომლოცველებმა არ დაიცვეს დადგენილი განრიგი, რომლითაც ხალხის მასა უნდა გაკონტროლებულიყო. საუდის არაბეთში 2 მილიონამდე მუსლიმია ჩასული 164 ქვეყნიდან, ჰაჯის ხუთდღიანი რიტუალის შესასრულებლად. ჰაჯი 22 სექტემბერს დაიწყო. 1990 წელს, მინაში მდებარე გვირაბში მომხდარ ჭყლეტას ემსხვერპლა სულ მცირე 1426 მომლოცველი.

XS
SM
MD
LG