Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესტონეთის უშიშროების თანამშრომელი გაცვალეს რუს ჯაშუშში


ესტონეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომელი, ესტონ კოჰვერი, რომელიც მოსკოვში ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს, შინ დაბრუნდა მას შემდეგ, რაც ის გაცვალეს რუს ჯაშუშში, ალექსეი დრესენში. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჰანო პევკურმა დაადასტურა, რომ კოჰვერი - ესტონეთის საშინაო უშიშროების სამსახურის თანამშრომელი - უკვე სამშობლოშია. პევკურის თქმით, კოჰვერი, რომელმაც რუსეთის ციხეებში თითქმის 13 თვე გაატარა, მალე თავის ოჯახს დაუბრუნდება. პატიმრები გაცვალეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ესტონეთში, რუსეთის საზღვართან ახლოს. გაცვლის ფონია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სიტყვა, რომელიც მან 28 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე უნდა წარმოთქვას. კოჰვერის ადვოკატი, მარკ ფეიგინი ამბობს, რომ გაცვლა „პოლიტიკურ დონეზე იყო ორგანიზებული“ და საგანგებოდ დაამთხვიეს ამ დროს, პუტინის იმიჯის გასაუმჯობესებლად გაეროში გამოსვლის წინ. კოჰვერს 19 აგვისტოს 15 წლით მიუსაჯეს პატიმრობა დახურულ პროცესზე, მას შემდეგ, რაც ის დამნაშავედ სცნეს ჯაშუშობაში და რუსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში. ესტონეთი გადაჭრით უარყოფდა ბრალდებებს და აცხადებდა, რომ კოჰვერი ერთი წლის წინ ესტონეთში გაიტაცეს და ძალით შეიყვანეს რუსეთში.

XS
SM
MD
LG