Accessibility links

logo-print

უკრაინა და აშშ: სეპარატისტების მიერ ჰუმანიტარული ორგანიზაციების გაძევება არღვევს სამშვიდობო შეთანხმებას


უკრაინამ და აშშ-მა დაგმეს პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების გადაწყვეტილება უცხოური ჰუმანიტარული ორგანიზაციების უმრავლესობისთვის მუშაობის აკრძალვის შესახებ იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც სეპარატისტები აკონტროლებენ და განაცხადეს, რომ ეს ნაბიჯი არღვევს სამშვიდობო შეთანხმებას. თვითგამოცხადებული ლუგანკის სახალხო რესპუბლიკის სეპარატისტმა ლიდერებმა 24 სექტემბერს განაცხადეს, რომ 11 უცხოური ჰუმანიტარული ორგანიზაციიდან ათს უარი უთხრეს აკრედიტაციაზე და მათ 25 სექტემბრამდე ლუგანსკის დატოვება უბრძანეს. აკრძალვა შეეხო გაეროს სააგენტოებსაც, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა გაეროს მხრიდან. უკრაინა აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი არღვევს სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც სეპარატისტებთან თებერვალში, მინსკში გაფორმდა და ითვალისწინებს ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხოდ გაცემის უზრუნველყოფას „საერთაშორისო მექანიზმებით“. უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს პრესმდივანმა, ირინა ჰერაშჩენკომ სააგენტო „როიტერსს“ უთხრა, უკრაინა ამას ღრმა შეშფოთებით ეკიდება, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის მუშაობის აკრძალვა უწინარესად სამოქალაქო მოსახლეობის ყოფაზე აისახებაო. გადაწყვეტილება დაგმო სახელმწიფო დეპარტამენტმაც - მისი განცხადებით, „ამ ორგანიზაციების გაძევება საფრთხეს უქმნის დონბასში სეპარატისტების კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე მცხოვრებ სამ მილიონ ადამიანს, რადგან ზამთრის მოახლოების ფონზე მათთვის აღარ იქნება ხელმისაწვდომი საკვები, წყალი, წამლები, თავშესაფარი და ტანსაცმელი“.

XS
SM
MD
LG