Accessibility links

logo-print

ბაქოში გაჩხრიკეს რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ავტორის ბინა


ბაქოში გამომძიებლებმა გაჩხრიკეს ნაქირავები ბინა, რომელშიც ცხოვრობს ჟურნალისტი ისლამ შიხალი. ჟურნალისტი თანამშრომლობს რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულ რედაქციასთან. როგორც რედაქცია იუწყება, ჩხრეკა მოეწყო 26 სექტემბერს და, ორდერის თანახმად, უკავშირდება გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდებას. კონფისკაციას დაექვემდებარა შიხალის კომპიუტერი, ვიდეოკამერა, მიკროფონი, მობილური ტელეფონი, საბანკო ჩეკები და იდენტობის დამადასტურებელი ბარათი. მოგვიანებით ჟურნალისტს დაუბრუნეს ყველა პირადი დოკუმენტი, პასპორტის გარდა. ჩხრეკის მომენტში შიხალი შინ არ იმყოფებოდა. პროკურატურაში წაიყვანეს ორჰან რუსტამზადე - პირი, რომელიც შიხალისთან ერთად ქირაობს ბინას - და მას თითქმის ორი საათის განმავლობაში უტარებდნენ დაკითხვას. რუსტამზადე იმავე დღეს გამოუშვეს და დაავალეს შიხალისთვის გადაეცა, რომ ის 28 სექტემბერს პროკურატურაშია დაბარებული დაკითხვაზე. ჩხრეკის ფონია პრეზიდენტ ილჰამ ალიევის რეჟიმის მისამართით გამოთქმული კრიტიკა სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლის და მედიის თავისუფლების შეზღუდვის გამო.

XS
SM
MD
LG