Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: „ამჟამად“ არ გვაქვს სირიაში ჯარის გაგზავნის გეგმა


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთს „ამჟამად“ არ აქვს სირიაში საბრძოლო დანაყოფის გაგზავნის გეგმა, თუმცა ის გააგრძელებს სირიის მთავრობის მხარდაჭერას. ამასთან, რუსეთის ლიდერმა მწვავედ გააკრიტიკა აშშ-ის მხრიდან სირიელი მეამბოხეებისთვის აღმოჩენილი მხარდაჭერა - მას უწოდა არა მხოლოდ უკანონო, არამედ კონტრპროდუქტიულიც. ამ განცხადებებით პუტინი გამოვიდა ინტერვიუში, რომელიც 27 სექტემბერს გავრცელდა მედიით - პუტინის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან შეხვედრის წინ. ეს შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის კულუარებში უნდა გაიმართოს, მას შემდეგ, რაც ორივე პრეზიდენტი მიმართავს მსოფლიო ლიდერების ყოველწლიურ შეკრებას. ვაშინგტონში გაზრდილია შეშფოთება რუსეთის მიერ სირიაში - მოსკოვის მოკავშირე ქვეყანაში - სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერების გამო. პუტინი და სხვა ოფიციალური პირები მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ რუსეთი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის არმიას იარაღს აწვდის და წვრთნას უტარებს, რათა დაეხმაროს ექსტრემისტულ ჯგუფთან, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში. შეკითხვას, შეძლებდა თუ არა რუსეთი ჯარის გაგზავნას ბრძოლაში ჩასართავად, პუტინმა წარსულში უპასუხა „სხვადასხვა შესაძლებლობას განვიხილავთო“. ახლა კი, CBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში მან თქვა, რუსეთი არ მიიღებს მონაწილეობას სამხედრო ოპერაციებში სირიის, ან სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე. ყოველ შემთხვევაში, ახლა ამას არ ვგეგმავთო.

XS
SM
MD
LG