Accessibility links

logo-print

ობამა: აშშ მზადაა რუსეთთან და ირანთან ითანამშრომლოს სირიის კრიზისის გადასაჭრელად


აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა აცხადებს, რომ ვაშინგტონი ყველა ქვეყანასთან ითანამშრომლებს სირიაში არსებული კრიზისის გადაჭრის მიზნით და კონკრეტულად ასახელებს რუსეთს და ირანს. თუმცა ობამამ, რომელიც ამ განცხადებით ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოვიდა, ხაზი გაუსვა, რომ სირიაში შეუძლებელი იქნება ვითარება ომამდელ სტატუს კვოს დაუბრუნდეს. „უნდა ვაღიაროთ, რომ ამდენი ნგრევის და სისხლისღვრის შემდეგ შეუძლებელი იქნება ომამდელი სტატუს კვოს აღდგენაო“, განაცხადა ობამამ. აშშ-ის პრეზიდენტმა დაგმო და ტირანი უწოდა სირიის პრეზიდენტ, ბაშარ ალ-ასადს და განაცხადა, რომ ასადი არ უნდა გააძლიეროს ძალისხმევამ, რომელიც ექსტრემისტული ჯგუფის, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგაა მიმართული. ობამამ ასევე თქვა,მსოფლიო განზე ვერ გადგება იმ დროს, როცა რუსეთი არღვევს უკრაინის მთლიანობას და სუვერენიტეტსო. ობამას თქმით, ვაშინგტონს არ სურს რუსეთის იზოლირება. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სურს რუსეთი ჩაერთოს დიპლომატიურ ძალისხმევაში, რათა კრიზისი გადაიჭრას ისე, რომ უკრაინას მიეცეს საკუთარი მომავლის განსაზღვრის საშუალება.

XS
SM
MD
LG