Accessibility links

logo-print

ღარიბაშვილი: საქართველო კვლავაც იქნება მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდამჭერი


საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილზე ნიუ-იორკში, აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას ორგანიზებით გამართულ, გაეროს სამშვიდობო ოპერაციების სამიტზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი განცხადებით, ნატოს გადაწყვეტილებით სწრაფი რეაგირების ძალებს ქართული ასეული შეუერთდა, რაც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან საქართველოს შეიარაღებული ძალების შეთანხმებული მოქმედების მაღალ დონეზე მიუთითებს. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 2014 წლიდან ქართულმა სამხედრო კონტინგენტმა დაიწყო მონაწილეობა ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში. პრემიერ-მინისტრის თქმით, გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში მონაწილეობა საქართველოს ურყევი გადაწყვეტილებაა. „ჩვენ ვიყავით საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერაში ყველაზე დიდი წვლილის შემტანი ქვეყანა ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის და ქართველი სამხედროები მსახურობდნენ ნატოს ჯარების გვერდით ავღანეთის ყველაზე ცხელ წერტილში, ჰელმანდის პროვინციაში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან აღნიშნა, რომ საქართველო, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის საიმედო პარტნიორია, კვლავაც იქნება მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდამჭერი და ქართველი მებრძოლები ყოველთვის იდგებიან მოკავშირეთა გვერდით ყველგან, სადაც მათი ყოფნა საჭიროა.

XS
SM
MD
LG