Accessibility links

logo-print

აშშ-ის ინფორმაციით, სირიაში დაიწყო რუსეთის საჰაერო ოპერაციები


აშშ-ის მონაცემებით, რუსეთმა დაიწყო საჰაერო ოპერაციები სირიაში, დასავლეთში მდებარე ქალაქ ჰომსის მახლობლად. საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ მოსკოვმა შეერთებულ შტატებს წინასწარ, ერთი საათით ადრე შეატყობინა სირიაში საჰაერო ოპერაციების დაწყების შესახებ. ანონიმი ოფიციალური პირის თქმით, საქმე ეხება წინასწარ ინფორმაციას. მას არაფერი უთქვამს საჰაერო დარტყმების რიცხვზე, ან ოპერაციაში მონაწილე საფრენი აპარატების ტიპზე. ცნობა საჰაერო ოპერაციების დაწყების შესახებ მოჰყვა რუსეთის პარლამენტის დასტურს სირიაში სამხედრო ძალის გამოყენებაზე. რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ 30 სექტემბერს გამართული კენჭისყრისას ერთხმად დაუჭირა მხარი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შესაბამის წინადადებას. პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ივანოვმა კენჭისყრის შემდეგ განაცხადა, რომ პარლამენტის მხარდაჭერა მიმართულია საჰაერო ძალების გამოყენებისაკენ: „საუბარია კონკრეტულად, სირიაზე და საუბარია არა რაიმე საგარეო-პოლიტიკური მიზნების მიღწევაზე, რაიმე ამბიციების დაკმაყოფილებაზე, რაშიც რეგულარულად გვადანაშაულებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, არამედ საუბარია მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ეროვნულ ინტერესებზე“. რუსეთი თავის სამხედრო წარმომადგენლობას ზრდის სირიაში, სადაც მხარს უჭერს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს მეამბოხეებთან ოთხი წლის წინ დაწყებულ კონფლიქტში.

XS
SM
MD
LG