Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის ხელისუფლება - ყუნდუზის დიდი ნაწილი დაბრუნებულია


ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ავღანეთის ძალებმა დაიბრუნეს ქალაქ ყუნდუზის დიდი ნაწილი. რამდენიმე დღის წინ ქალაქი ყუნდუზი მთლიანად დაიკავეს თალიბებმა. სხვა დეტალები წუხანდელი კონტრიერიშის შესახებ - ყუნდუზის რომელი უბნები დაიბრუნეს ავღანეთის ძალებმა 1 ოქტომბერს - ჯერჯერობით უცნობია. „თალიბანის“ წარმომადგენელმა უარყო ცნობა ავღანეთის სამთავრობო ძალების მიერ ყუნდუზის დაბრუნების შესახებ და „როიტერზს“ განუცხადა, რომ მეამბოხეები კვლავაც უწევენ წინააღმდეგობას სამთავრობო ძალებს ყუნდუზის ცენტრში და კვლავაც აკონტროლებენ ქალაქის უდიდეს ნაწილს. „ფრანს პრესი“ ავრცელებს ყუნდუზში მყოფი თვითმხილველის ნაამბობს, რომლის თანახმადაც, ქალაქის ცენტრში გამოჩნდნენ ავღანეთის ძალები, ქუჩები „თალიბების“ გვამებით არის მოფენილი, ქალაქის ზოგიერთ ნაწილში კი შეტაკებები გრძელდება. ავღანეთის ძალები, აშშ-ის საჰაერო ძალების დახმარებით, ორი დღეა ცდილობენ ყუნდუზის დაბრუნებას. ყუნდუზის მოქმედმა გუბერნატორმა ჰამდულა დანიშიმ განაცხადა: „ავღანეთის უშიშროების ძალებმა წუხელ, მძიმე ბრძოლის შემდეგ „თალიბანისგან“ დაიბრუნეს ყუნდუზი“. დანიშიმ აგრეთვე აღნიშნა: „მას შემდეგ, რაც მივიღეთ გაძლიერება და ქალაქ ყუნდუზში წამოვიწყეთ მასობრივი ოპერაცია, „თალიბანმა“ ვეღარ შეძლო წინააღმდეგობის გაწევა და დატოვა ქალაქი... მალე სრულ ანგარიშს წარმოვადგენთ“. ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის სპიკერმა „ტვიტერზე“ დაწერა: „ის დაბრუნებულია და გაწმენდილია ტერორისტებისგან, მოწინააღმდეგემ დიდი დანაკარგი განიცადა“. არ ვრცელდება ინფორმაცია მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ. ყუნდუზი 300 ათასიანი ქალაქია.

XS
SM
MD
LG