Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქალაქო სასამართლომ გადაწყვიტა, ქიბარ ხალვაშის საჩივრის საქმის არსებითი განხილვა 18 ოქტომბერს მოხდეს


თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა მოსამზადებელი სხდომა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელზე, რომლითაც ის სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის წილის დაბრუნებას ითხოვს. სასამართლომ გადაწყვიტა, ამ საქმის არსებითი განხილვა 18 ოქტომბერს მოხდეს. ქიბარ ხალვაშმა, რომელიც 2004-2006 წლებში იყო „რუსთავი 2“-ის თანამფლობელი, სასამართლოს წელს, აგვისტოში მიმართა. მისმა ადვოკატებმა სარჩელის უზრუნველსაყოფად ითხოვეს ტელეკომპანიის ქონების და საბანკო ანგარიშების დაყადაღება. თბილისის საქალაქო სასამართლომ საბანკო ანგარიშების დაყადაღებაზე უარი თქვა, თუმცა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე „რუსთავი 2“-ის ამჟამინდელ მფლობელებს აუკრძალა წილების გაყიდვა. 30 სექტემბერს საქალაქო სასამართლომ ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე დააყადაღა „რუსთავი 2“-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ პატნიორების, ძმები ყარამანიშვილების წილებიც, თუმცა უარი თქვა მათი საბანკო ანგარიშებისთვის ყადაღის დადებაზე. ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატის, პაატა სალიას განმარტებით, ახალი სასარჩელო განცხადებით სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც 29 სექტემბერს საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ძმები ყარამანიშვილები გეგმავდნენ „ტელეკომპანია საქართველოში“ მათი წილების გადაცემას თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ცოლის ძმის, დიმიტრი ჩიქოვანისთვის. „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ 1 ოქტომბერს დაადასტურა, რომ ტელეკომპანია 6 მილიონი ინვესტიციის მოზიდვას დავით კეზერაშვილის ნათესავის დახმარებით აპირებდა. ნიკა გვარამიამ ხელისუფლება დაადანაშაულა სასამართლოს გამოყენებით არხის „მაუწყებლობის პრაქტიკულად“ შეწყვეტაში.

XS
SM
MD
LG