Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძის განცხადებით, სამინისტრო არ ეწინააღმდეგება "ყაზტრანსგაზ-თბილისში" ყაზახური მენეჯმენტის დაბრუნებას


საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მისთვის მოულოდნელი იყო კომპანია "ყაზტრანსგაზისგან" საპრეტენზიო წერილის მიღება. თბილისში, მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ კახა კალაძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო არ ეწინააღმდეგება კომპანიაში ყაზახური მენეჯმენტის დაბრუნებას. კალაძის ინფორმაციით, გარკვეული პრობლემები იყო ფინანსთა სამინისტროებს შორის და ამჟამად მოლაპარაკება სწორედ ამ დეტალებზე გრძელდება. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი მიიჩნევს, რომ საკითხი მოგვარდება და საქმე საარბიტრაჟო დავამდე არ მივა. ყაზახურ კომპანიასთან აქტიური მოლაპარაკების მიმდინარეობა დაადასტურა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. "რა თქმა უნდა, მხარეებს აქვთ უფლება ჰქონდეთ განსხვავებული პოზიცია, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მოლაპარაკების რეჟიმით გადაწყდება", - განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ქუმსიშვილმა. კომპანია "ყაზტრანსგაზის" სათავო ოფისმა 5 ოქტომბერს განაცხადა, რომ 2009 წელს, "ყაზტრანგაზ-თბილისის" სპეციალური მმართველის დანიშვნით დაირღვა კომპანიის,როგორც უცხოელი ინვესტორის უფლებები, რადგან მას შემდეგ"ყაზტრანსგაზ-თბილისის" საქმიანობაში ფაქტობრივად ვეღარ მონაწილეობს. კომპანია იმედს გამოთქვამს, რომ დავა მალე მოგვარდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საარბიტრაჟო დავას დაიწყებს და მოითხოვს არა მხოლოდ "ყაზტრანგაზ-თბილისზე" კონტროლის აღდგენას, არამედ ზარალის ანაზღაურებასაც არანაკლებ განხორცილებული ინვესტიციისა, რომელიც 130 მილიონ ამერიკულ დოლარს აღწევს.

XS
SM
MD
LG