Accessibility links

logo-print

ობამა: აშშ-ის ჯარი ავღანეთში 2016 წლის შემდეგაც დარჩება


აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა აცხადებს, რომ აშშ-ის ჯარის 9800 კაციანი კონტინგენტი ავღანეთში დარჩება 2016 წლის ბოლომდე - ნაცვლად აქამდე დასახული გეგმისა, რომ ჯარი ავღანეთს ეტაპობრივად დატოვებდა მომავალი წლის განმავლობაში. თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას ობამამ განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედროების მისია „არ შეიცვლება“ და ისინი კვლავაც გააგრძელებენ ავღანეთის უსაფრთხოების ძალების გაწვრთნას და ავღანეთის კონტრტერორისტული ოპერაციების მხარდაჭერას. ობამას თქმით, აშშ ავღანეთში 5500 სამხედროს დატოვებს 2017 წლის იანვრის შემდეგაც - როცა მისი საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, სამხედროები დისლოცირებული იქნებიან ქაბულიდან ჩრდილოეთით, ბაგრამში მდებარე სამხედრო ბაზებზე, აღმოსავლეთით ჯალალაბადში და სამხრეთით ყარდაართან ახლოს. ამასთან, ობამა აცხადებს, რომ უცვლელი დარჩება მათი მისიაც - ავღანეთის სამხედროების გაწვრთნა და თალიბანის, ალ-ყაიდის და ისლამური სახელმწიფოს ექსტრემისტების საწინააღმდეგო ოპერაციებში მხარდაჭერის აღმოჩენა. ობამას თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღებას წინ უძღოდა კონსულტაციები ეროვნული უშიშროების გუნდთან და ავღანეთის მთავრობასთან. აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების აუცილებლობა შექმნა „ქვეყნის მნიშვნელოვან არეალებში უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარების სიმყიფემ, ზოგან კიდევ უფრო გაუარესების საფრთხით.“

XS
SM
MD
LG