Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გრძელდება „აბრეშუმის გზის ფორუმი“


თბილისში გრძელდება „აბრეშუმის გზის ფორუმი,“ რომელშიც 30-ზე მეტი ქვეყნის 800-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს. ფორუმის მეორე დღე საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალის განხილვას ეთმობა. ფორუმზე გამოსვლისას საქართველოს საგადასახადო სისტემაზე, ბიზნესის დაწყების მარტივ პროცედურებზე, კორუფციის დაბალ დონესა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რეიტინგებში საქართველოს წარმატებულ პოზიციებზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი განცხადებით, საქართველო პატარა, მაგრამ სტრატეგიული მდებარეობის და უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალის მქონე ქვეყანაა, სადაც უცხოური ინვესტიციების უპრეცედენტო ზრდა შეინიშნება. პრემიერ-მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს აცნობა, რომ საქართველოს ბაზარზე ახალი უცხოელი ინვესტორების მხარდასაჭერად შექმნილიამრავალმილიარდიანი საპარტნიორო და თანაინვესტირების ფონდები. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებითვე, აბრეშუმის გზის გასწვრივ არსებობს საქმიანი თანამშრომლობისა და ვაჭრობის უდიდესი პოტენციალი და ამ გზის ხელახლა დაბადების ძირითადი მამოძრავებელი ძალა ბიზნესია. პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ უზრუნველყოს ინვესტიციების წარმატება და ინვესტორთა მხარდაჭერა. „ჩემი მთავრობის მიზანია, საქართველოს გადაქცევა აყვავებულ ქვეყნად, რომელიც გონივრულად იყენებს თავის მდებარეობას სასიცოცხლო მნიშვნელობის გზაჯვარედინზე აღმოსავლეთსა და დასავლეთს და ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მონაწილეებს მიმართა, რომ მათთვის საქართველოში ინვესტირება ისეთივე უსაფრთხოა, როგორც ევროპის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.

XS
SM
MD
LG