Accessibility links

logo-print

თბილისში გაიმართა ფატუ ბენსუდასა და თეა წულუკიანის შეხვედრა


სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა დღეს თბილისში შეხვდა საქართველოს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს და მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს. ფატუ ბენსუდა ამჟამად ჰააგის სასამართლოს მოსამართლეთა სამწევრიანი კოლეგიისგან ელოდება ნებართვას, რათა დაიწყოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს შესაძლო სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის, მათ შორის, სამხრეთ ოსეთიდან ეთნიკური ქართველების გაძევების და სამშვიდობო ძალებზე თავდასხმების გამოძიება. საქართველოს იუსტიციის მინისტრთან და მთავარ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ ფატუ ბენსუდამ განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი შესაძლო დანაშაული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ მოექცევა. ჟურნალისტების შეკითხვას, როგორ აპირებს ჰააგის სასამართლო ითანამშრომლოს რუსეთთან, რომელიც რომის სტატუტის წევრი არ არის, პროკურორმა უპასუხა, რომ სამაგიეროდ საქართველოა რომის სტატუტის წევრი ქვეყანა. „ამიტომ, ნებისმიერი დანაშაული, რომელიც შესაძლოა, ჩადენილია საქართველოს ტერიტორიაზე, ჩვენი სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ მოხვდება და მნიშვნელობა არა აქვს, თუ რა ეროვნებისაა შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირი", - განაცხადა ფატუ ბენსუდამ. რაც შეეხება პრობლემას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამოძიების ჩატარებას უკავშირდება, ჰააგის სასამართლოს პროკურორმა აღნიშნა, რომ კოლეგიისგან ნებართვის მიღების შემდეგ რაღაც გზა აუცილებლად გამოიძებნება.

XS
SM
MD
LG