Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთიდან მომავალი განწყობების საფრთხე მედიაში


„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშის წარდგენა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშის წარდგენა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს ონლაინმედიას, გაასაჯაროონ ინფორმაცია მფლობელებისა და დაფინანსების წყაროების თაობაზე იმისათვის, რომ საზოგადოებას შეექმნას ნათელი წარმოდგენა, თუ საიდან იღებს სათავეს ამა თუ იმ შინაარსის იდეები. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშში, რომლის პრეზენტაციაც 19 ოქტომბერს სასტუმრო „რადისონში“ გაიმართა, ერთ-ერთ მთავარ აქცენტს წარმოადგენს ონლაინმედიაში მოძლიერებული ანტიდასავლური პროპაგანდა. ანგარიშის ავტორები ფიქრობენ, რომ ამ პრობლემამ უკვე თვალსაჩინო ასახვა პოვა საზოგადოებრივ აზრზე და ამას ბოლო ხანების გამოკვლევებიც ადასტურებს.

ონლაინმედიასაშუალებებს, რომლებიც, ანტიდასავლურ განწყობებთან ერთად, ქსენოფობიის, ჰომოფობიისა და სიძულვილის ენის ხელშეწყობის სარბიელსაც წარმოადგენენ, იოლად შეხვდებით ინტერნეტსივრცეში – ისინი სოკოებივით მრავლდებიან და საკმაოდ ფართო სამოქმედო არეალი აქვთ. სწორედ სიმრავლის გამო, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშში ყველა ასეთი ონლაინმედიასაშუალება ვერ მოხვდა და ყურადღება გამახვილდა იმ ვებსაიტებზე, რომლებიც აშუქებენ პოლიტიკური ხასიათის ახალ ამბებს, აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელებს ინფორმაციის გასავრცელებლად ანდა (top.ge-ს მიხედვით) 2015 წლის მაის-ივნისის განმავლობაშისისტემატურად ითვლიდნენ დღეში 500-მდე უნიკალურ ვიზიტორს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგიერი ასეთი მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელებში 38 ათასზემეტი ნახვა და 1500–ზე მეტი გაზიარება აქვს.

„ონლაინმედია საქართველოში რეგულირებას არ ექვემდებარება, ეს კარგია და ჩვენ, ცხადია, არ ვითხოვთ ამ სფეროს რეგულირებას“, – ამბობს ჩვენთან საუბრისას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მედიაპროექტების მენეჯერი ნინო რობაქიძე. ის, უბრალოდ, მნიშვნელოვნად მიიჩნევს ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევას და მოუწოდებს მედიასაშუალებებს თავად გაასაჯაროონ მფლობელთა ვინაობა თუ დაფინანსების წყაროების წარმომავლობა, რათა საზოგადოებამ ადეკვატური დასკვნები გამოიტანოს. ნინო რობაქიძე ლაპარაკობს მედიასაშუალებების ერთიან ჯაჭვზე და ამ ჯაჭვის რუსეთთან კავშირებზე:

„ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ეს ადამიანები, რომლებიც კონკრეტული მედიასაშუალებების უკან დგანან, ჯერ ერთი, დაკავშირებული არიან ერთმანეთთან სხვადასხვა ტიპის კავშირებით და, მეორე, ანტიდასავლურად განწყობილი მედიასაშუალებების შემთხვევაში, ეს ადამიანები დაკავშირებული არიან ორგანიზაციებთან, რომლებიც ღიად აცხადებენ თავიანთი პოლიტიკური მიზნების შესახებ, ღიად აცხადებენ მათ პრეფერენციებს, ვთქვათ, საქართველოს საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში... რიგ შემთხვევაში ეს იქნება, ვთქვათ, ევრაზიის ინსტიტუტი, ეს იქნება ევრაზიის კავშირი და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია თუ ფონდი, რომლებიც საქართველოსა და რუსეთში აქტიურად საქმიანობენ და ცდილობენ, რომ საქართველოში პრორუსული განწყობები მოძლიერდეს და დასავლური განწყობები შესუსტდეს“.

ისინი ბოლომდე იბრძოლებენ იმ თეორიისთვის, რომ: 1. ქართული საზოგადოება შეაგუონ ანტიდასავლურ განწყობებს და 2. დიდადაც არ შეუწყონ ხელი პრორუსულ განწყობებს. შესაბამისად, მათ ჩამოაყალიბეს გაუგებარი დოქტრინა, რომ საქართველო უნდა იყოს ქართველებისთვის და... „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“ ...
ზვიად ქორიძე

ნინო რობაქიძის თქმით, ასეთ ონლაინმედიასაშუალებებს ძირითადად არა აქვთ მისამართები და მათი მომხმარებელი მოკლებულია დაკავშირების საშუალებას. ამასთან, სრულიად გაურკვეველია, თუ რა ფინანსური სახსრებით არსებობენ ისინი,როგორ ართმევენ თავს სარედაქციო ხარჯებს და, მაგალთად, როგორ უხდიან ხელფასებს დასაქმებულ პირებს, მაშინ როცა რეკლამიდან მათი შემოსავალი, შესაძლოა, 50 ლარს არ აღემატებოდეს.

ეს არის ჩაკეტილი წრე, რომელიც ცდილობს, რაც შეიძლება დიდი მუხტის მქონე ენერგია წარმოშვას და შექმნას განწყობა, რომ ისინი ავრცელებენ ყველაზე დომინანტურ იდეებს, რომლებითაც უნდა ისაზრდოოს ჩვენმა საზოგადოებამ, – აღნიშნა სასტუმრო „რადისონში“ გამართული დისკუსიის მსვლელობისას მედიაექსპერტმა ზვიად ქორიძემ. მისი თქმით, ეს მედიასაშუალებები ერთიან ფრონტს ქმნიან და საზოგადოებას სახიფათოდ შენიღბულ იდეებს სთავაზობენ:

„ისინი ბოლომდე იბრძოლებენ იმ თეორიისთვის, რომ: 1. ქართული საზოგადოება შეაგუონ ანტიდასავლურ განწყობებს და 2. დიდადაც არ შეუწყონ ხელი პრორუსულ განწყობებს. შესაბამისად, მათ ჩამოაყალიბეს გაუგებარი დოქტრინა, რომ საქართველო უნდა იყოს ქართველებისთვის და... „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“ – აი, ამ პოსტულატის ახლებური გააზრება შემოგვთავაზეს და თქვეს, რომ საქართველო უნდა იყოს ნეიტრალური სახელმწიფო. აი, ეს მოდელი არის ყველაზე სახიფათო მოდელი, რომელსაც ისინი გვთავაზობენ თავიანთ სარედაქციო პოლიტიკაში“.

ანტიდასავლურ განწყობებს მხოლოდ საინფორმაციო პროდუქტი არ ქმნის, – აღნიშნა სასტუმრო „რადისონში“ გამართულ შეხვედრაზე საქართველოს რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია კუპრაშვილმა და, დოკუმენტური ფილმების გარდა, ანტიდასავლური შინაარსის სხვა მედიაპროდუქტებზე გაამახვილა ყურადღება:

„განწყობებსა და ღირებულებებს აყალიბებს სხვა პროდუქტიც, რომელიც ასევე გადაიცემა მედიაში, მაგალითად, ფილმების, სერიალების სახით. კონცერტები და სხვა მუსიკალური პროდუქცია, რაც გადაიცემა, ესეც კი გარკვეულ ნოსტალგიებს აღძრავს. ძალიან საინტერესოა იმის ანალიზიც, რომელი ქვეყნებიდან მიღებაა უფრო ხელმისაწვდომი და ფასები სად არის დაწეული ამგვარ პროდუქციაზე, რა არჩევანს აკეთებს იგივე ტელემედია, რომელიც ყველაზე მეტად ახდენს გავლენას აუდიტორიაზე, და რა ტიპის ღირებულებების შესაბამისი პროდუქტი გადაიცემა ზოგადად ტელემედიაში“.

რამდენიმე მსხვილ მედიასაშუალებაში ბოლო თვეების განმავლობაში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ამ ფაქტებმა გავლენა მოახდინა მაუწყებლობის შინაარსზე. რიგ შემთხვევებში გაჩნდა ეჭვი, რომ არხის მფლობელები ერევიან სარედაქციო პოლიტიკაში...

რაც შეეხება სხვა აქცენტებს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშის თანახმად, რომელიც, თავის მხრივ, ავსებს 2014 წელს გამოქვეყნებულ მუდმივად განახლებად ანგარიშს („ვის ეკუთვნის ქართული მედია“),

„საქართველოში მედიასაშუალებების მფლობელობა გამჭვირვალეა“. ტექსტში აღნიშნულია, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე „მსხვილი მედიასაშუალებების მფლობელობაში მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა. არც ერთ მსხვილ მედიასაშუალებას პირდაპირ არ ფლობს რომელიმე პოლიტიკური ძალა“.

აქვეა ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის მფლობელობასთან დაკავშირებული საკითხებიც. ანგარიშის თანახმად, წამოწყებულ სასამართლო დავას, სავარაუდოდ, პოლიტიკური კონტექსტი აქვს, რამაც შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს მედიის თავისუფლების ხარისხზე. სხვა ტელეარხებთან დაკავშირებით კი ნათქვამია, რომ

„რამდენიმე მსხვილ მედიასაშუალებაში ბოლო თვეების განმავლობაში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ამ ფაქტებმა გავლენა მოახდინა მაუწყებლობის შინაარსზე. რიგ შემთხვევებში გაჩნდა ეჭვი, რომ არხის მფლობელები ერევიან სარედაქციო პოლიტიკაში, რითაც ზიანს აყენებენ მედიის დამოუკიდებლობას“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG