Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაშარ ალ-ასადის მოსკოვში სტუმრობის შემდეგ კერი ლავროვს შეხვდება


რუსეთის ოფიციალურ პირთა ცნობით, ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან ერთად შეხვდება თურქეთისა და საუდის არაბეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს სირიის კრიზისზე მოსალაპარაკებლად. შეხვედრა 23 ოქტომბერს გაიმართება ვენაში. ეს გადაწყვეტილება მოჰყვა მოსკოვში სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის სამუშაო ვიზიტს, რომლის დროსაც ასადმა მოლაპარაკება გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. როგორც კრემლის წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, ასადი მოსკოვში სამუშაო ვიზიტად ჩაფრინდა 20 ოქტომბერს, რათა მასპინძელთან ერთად ემსჯელა სირიაში ისლამისტების წინააღმდეგ ერთობლივი სამხედრო ოპერაციის გარშემო. პესკოვის თანახმად, მოლაპარაკება შეეხო „ტერორისტულ ჯგუფებთან“ ბრძოლას, სირიაში რუსეთის სამხედრო, მათ შორის საავიაციო, ოპერაციის გაგრძელებას. მისი თქმით, ასადმა პუტინს სირიის არმიის გეგმები გააცნო. სტუმარმა პუტინს მადლობა გადაუხადა სირიის მთლიანობისა და დამოუკიდებლობის საქმეში თანადგომისთვის. ბაშარ ალ-ასადმა თქვა, რომ ეს თანადგომა საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებში მოხდა.

XS
SM
MD
LG