Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარგველაშვილი: მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავოს მძაფრი ნაბიჯებისაგან


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო დღეებში განვითარებულმა პროცესებმა მოახდინა პოლიტიკური კლიმატის ესკალაცია და შექმნა კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობები. საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნის კონსტიტუციის დაცვა ყველა მოქალაქის და პირველ ყოვლისა, საქართველოს ხელისუფლების მოვალეობაა. პრეზიდენტის განცხადებითვე, სამწუხაროდ, მთავრობის მეთაურის დღევანდელმა გამოსვლამ სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად მეტად დაძაბა ისედაც რთული ვითარება. „მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავოს მძაფრი ნაბიჯებისაგან, მოთოკოს ემოციები და გავუფრთხილდეთ სამოქალაქო მშვიდობას“, - აღნიშნა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა. მან ასევე მოუწოდა მოსამართლეს, რომელიც „რუსთავი 2“-ის საქმეს განიხილავს, „არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას.“ პრეზიდენტის განცხადებითვე, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, იწყებს კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსთან, რათა შენარჩუნებული იყოს სამოქალაქო სტაბილურობა, მშვიდობა და კონსტიტუციური წესრიგი.

XS
SM
MD
LG