Accessibility links

logo-print

მარკ ტონერი: სერიოზულად განვიხილავთ ნებისმიერ მოქმედებას, რომელიც მედიაპლურალიზმს საფრთხეს უქმნის


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებულია ნებისმიერი ნაბიჯით, რომელმაც შესაძლოა, გამოიწვიოს საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ტელეარხის დახურვა - ასე უპასუხა „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებული მოვლენებისადმი ვაშინგტონის პოზიციის შესახებ რადიოსადგურ ამერიკის ხმის შეკითხვას სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა. მან აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ტელეკომპანიასთან დაკავშირებულ სამართლებრივ პროცესზე კომენტარს არ გააკეთებს. თუმცა ტონერმა დასძინა, რომ ერთ-ერთი წამყვანი ტელეარხის დახურვა ან პოტენციური დახურვისკენ გადადგმული ნაბიჯები საქართველოში მედიასივრცეს მნიშვნელოვნად შეზღუდავს და ეს შეშფოთების მიზეზია. „სერიოზულად განვიხილავთ ნებისმიერ მოქმედებას, რომელიც მედიაპლურალიზმს საფრთხეს უქმნის“, - განაცხადა მარკ ტონერმა. მისი ინფორმაციით, აშშ-ის ელჩი საქართველოში, იან კელი ესაუბრა პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს. მარკ ტონერმა დადებითად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის მოწოდება ვითარების მშვიდად განხილვისკენ და დასძინა, რომ ხშირად, შეერთებული შტატების მთავრობა ქებით იხსენიებს საქართველოში არსებულ მედიაგარემოს, რომელსაც ზოგადად საერთაშორისო თანამეგობრობა დადებითად აფასებს, რეგიონის ქვეყნებისთვის კი აშშ-ს საქართველო მოჰყავს დემოკრატიის მაგალითად. ტონერის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტს მიაჩნია, რომ დემოკრატიული მთავრობის პრიორიტეტი უნდა იყოს მოქალაქეების თავისუფლების დაცვა, რაც დამოკიდებულია თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიაზე ხელმისაწვდომობაზე.

XS
SM
MD
LG