Accessibility links

logo-print

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გიგა ბოკერია დაკითხეს


"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ე.წ. მოდულის შენობა დატოვა დაახლოებით ორსაათიანი დაკითხვის შემდეგ. როგორც ბოკერიამ განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვის შემდეგ, მას შეკითხვები დაუსვეს "სამართალდამცავ ორგანოებთან დაკავშირებულ პორტალებზე გამოქვეყნებული მასალის ირგვლივ“. ბოკერია 24 ოქტომბერს დაიბარეს დაკითხვაზე მას შემდეგ, რაც გაკეთდა განცხადება, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება „სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად, ან ხელში ჩასაგდებად“ შეთქმულების მუხლით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, ლევან იზორიამ 24 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გამოძიებას საფუძვლად უდევს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ მოპოვებული ინფორმაცია და მედიაში გავრცელებული ინფორმაცია. იზორიას არ დაუკონკრეტებია, რა ინფორმაციას ეფუძნება გამოძიება, მაგრამ ფართოდ გავრცელებული ვარაუდით, საქმე ეხება ინფორმაციას, რომლის თანახმადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს გიგა ბოკერიას 22 ოქტომბერს, სტამბულის აეროპორტში ესაუბრა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადების გეგმაზე.

XS
SM
MD
LG