Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის და ბალკანეთის ლიდერები მსჯელობენ მიგრანტთა საკითხში ზომების კოორდინაციაზე


ევროკავშირისა და ბალკანეთის ქვეყნების ლიდერები საგანგებო შეხვედრაზე შეიკრიბნენ ბრიუსელში მიგრანტთა კრიზისის განსახილველად. სამიტის ფონს ქმნის ევროპის სამი ქვეყნის მუქარა, რომ საზღვრებს ჩაკეტავს, თუ ევროკავშირის ჩრდილოეთში მდებარე ქვეყნები შეწყვეტენ მიგრანტების მიღებას. 25 ოქტომბრის სამიტის მონაწილეების მიზანია კოორდინირებული კურსის შემუშავება ბოლო თვეებში ევროპისაკენ მიმართულ მიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად. ლტოლვილები უმეტესწილად სირიიდან, ერაყიდან და ავღანეთიდან მიეშურებიან ძირითადად ჩრდილოეთ ევროპისაკენ სლოვენიის გავლით მას შემდეგ, რაც უნგრეთმა თავის საზღვარზე კედელი აღმართა. 17 ოქტომბრის შემდეგ, 62 ათასზე მეტი ადამიანი ჩავიდა სლოვენიაში. სამიტის დაწყებამდე გაიმართა ბრიფინგი ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერის, ფედერიკა მოგერინის მონაწილეობით: „მოველი, რომ დღევანდელი შეხვედრა, უწინარეს ყოვლისა, ოპერატიულ საკითხებს შეეხება და ფოკუსირებული იქნება იმაზე, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგან როგორც ევროკომისიამ, ისე ევროკავშირის წევრმა და არაწევრმა ქვეყნებმა, რა განსაკუთრებული, სასწრაფო ზომები შეიძლება იქნეს მიღებული მიგრაციის დასავლეთ ბალკანეთზე გამავალ მარშრუტზე“. სამიტი მოიწვია ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა. მონაწილეებს შორის არიან ევროკავშირის იმ რვა ქვეყნის ლიდერები, რომლებიც მიგრანტთა ძლიერი ნაკადით გამოწვეული კრიზისის ცენტრში მოექცნენ, მათ შორის გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. 24 ოქტომბერს ბულგარეთმა, რუმინეთმა და სერბიამ განაცხადეს, რომ არ დაუშვებენ, გახდნენ „ბუფერული ზონა“ ათიათასობით მიგრანტისათვის, რომლებიც ევროპაში ჩადიან უმეტესწილად სირიიდან, ერაყიდან და ავღანეთიდან. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, ბოიკო ბორისოვმა სოფიაში რუმინეთის და სერბიის ლიდერებთან შეხვდერის შემდეგ გამოაცხადა, რომ სამივე ჩაკეტავს საზღვრებს, თუ გერმანია, ავსტრია და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნები შეწყვეტენ მიგრანტების მიღებას.

XS
SM
MD
LG