Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გრძელდება საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია


თბილისში გრძელდება საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია. მისი მონაწილეები მსჯელობენ ჰიბრიდული ომების გავლენაზე ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებზე, შავი ზღვის რეგიონში სამხედრო ბალანსსა და თანამშრომლობაზე, უკრაინის კრიზისსა და ევროპის უსაფრთხოების გამოწვევებზე და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე. კონფერენციაზე დღეს სიტყვით გამოვიდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. „ჩვენი პარტნიორები ხედავენ, პირველ ყოვლისა, ქართველი ხალხის მონდომებას, გავხდეთ ნატოს წევრი ქვეყანა არა იმიტომ, რომ ეს პრესტიჟული კლუბია, არამედ იმიტომ, რომ ეს სჭირდება საქართველოს და დემოკრატიულ, მშვიდობისმოყვარე მსოფლიოს” - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისი შეფასებით, ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს და ქვეყნის პროგრესი პარტნიორების მიერაა აღიარებული. პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ დაჩქარდება ტაქტიკური გადაწყვეტილებების მიღება. კონფერენციაზე გამოსვლისას დავით უსუფაშვილმა რუსეთის შესახებაც ილაპარაკა. „რუსეთი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს და პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს, არამედ გამოამჟღავნა სრულიად მკაფიო მისწრაფება, დღის წესრიგი უკარნახოს მთელ მსოფლიოს“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისი შეფასებით, გამორიცხულია, თანამედროვე მსოფლიო შეეგუოს ვითარებას, როცა რუსეთი ცდილობს, დანარჩენ ცივილიზაციას მიუთითოს, რომ რაღაც სხვა გზით უნდა განვითარდეს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველომ უნდა შეძლოს, რომ ყველაზე უფრო დაზარალებული არ აღმოჩნდეს ამ ისტორიულ ქარტეხილში, რომლის საბოლოო შედეგი სრულიად ცალსახაა და თავისუფლება, დემოკრატია და მშვიდობა გაიმარჯვებს.

XS
SM
MD
LG