Accessibility links

logo-print

პაატა ზაქარეიშვილმა აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა


აფხაზურ საზოგადოებას და მთელ საქართველოს აფხაზური ენის დღე მიულოცა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა. „აფხაზებს, როგორც საქართველოს ავტოქთონ მოსახლეობას, განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ ჩვენს საზოგადოებაში და ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე, დიდი წვლილი მიუძღვით სახელმწიფოს მშენებლობაში. აფხაზურ ენას, საქართველოს კონსტიტუციით, ქართულთან ერთად, სახელმწიფო ენის სტატუსი აქვს და ორივე ენის დაცვა და განვითარება სახელმწიფოს ვალდებულება და ამოცანაა“ - ნათქვამია პაატა ზაქარეიშვილის განცხადებაში. სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ამოცანის შესრულება აფხაზეთის ტერიტორიაზე, სადაც აფხაზური ენა, ქართულთან ერთად, სახელმწიფო ენაა, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის კი ქართული ენა მშობლიურია. „მიუხედავად მზარდი სირთულეებისა, მიზნის მისაღწევად ქართულმა და აფხაზურმა საზოგადოებებმა ძალისხმევა არ უნდა დაიშურონ, რადგან აფხაზური და ქართული კულტურა მონათესავე, ახლო კულტურები არიან და ეს არის საერთო ინტერესი“ - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, პაატა ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ ამჟამად აფხაზეთში მიმდინარეობს კონტრპროდუქტიული და წინდაუხედავი პოლიტიკა, კერძოდ, გალის რაიონში მშობლიურ ენაზე სწავლის შეზღუდვის მიმართულებით. სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, საბჭოთა პერიოდში, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ზეწოლის პირობებშიც კი ვერ მოხერხდა აფხაზური ენის სხვა ენით ჩანაცვლება. „ამგვარი მეთოდების შედეგები, როგორც წესი, უარყოფითად უბრუნდება იმავე საზოგადოებას, რომელიც ამას ახორციელებს", - ნათქვამია პაატა ზაქარეიშვილის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG