Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული მწვანილი რუსეთის ბაზარზე


ქართული მწვანილი
ქართული მწვანილი

საქართველოდან რუსეთში ორი-სამი ათასი ტონა მწვანილის გატანა იგეგმება. ინფორმაცია რუსულ ბაზარზე მწვანილის გატანის შესახებ 26 ოქტომბერს რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს, რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახურზე დაყრდნობით. ინფორმაციას ადასტურებს საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოც.

რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი სერგეი დანვერტი და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი ზურაბ ჩეკურაშვილი შეთანხმდნენ რუსეთის ბაზარზე მწვანე კულტურის შეტანის თაობაზე, 27 ოქტომბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამაც დაადასტურა. უფრო ზუსტად კი, მინისტრის თქმით, ზურაბ ჩეკურაშვილის "როსსელხოზნადზორთან" ვიზიტის ფარგლებში, ტექნიკური და მეთოდოლოგიური საკითხები შეთანხმდა. რუსული საინფორმაციო სააგენტო „იტარ-ტასი“, „როსსელხოზნადზორის“ წარმომადგენლის ალექსეი ალექსეენკოზე დაყრდნობით, წერს, რომ „ეს, ფაქტორივად, ფინალური შეთანხმებაა“. ამ შეთანხმებას მოელოდა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძეც, რომლის თქმითაც, ქართული მხარე რუსეთთან პერმანენტულ მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთის ბაზრის ათვისების თაობაზე:

„იყო დარჩენილი გარკვეული სახეობის პროდუქციები, რომელიც ჯერ არ გადიოდა რუსულ ბაზარზე და, ალბათ, წლის ბოლომდე ესეც მოიხსნება“.

2006 წლის გახმაურებული ემბარგოს შემდეგ, რუსეთის ფედერაციაში მცენარეული წარმოშობის პროდუქციის ექსპორტზე მოლაპარაკებები 2013 წლიდან განახლდა, 2014 წლის მაისის ბოლოდან კი საქართველოში წარმოებული ხილისა და ბოსტნეულისთვის რუსეთის ბაზრის კარი გაიღო. პირველ ეტაპზე განახლდა ციტრუსის ექსპორტი, რასაც მოჰყვა ხილი, ბაღჩეული კულტურები და სხვა. მთავარი პრეტენზია, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ქართული მხარის მისამართით აყენებდა, ეს იყო ექსპორტის პროცესში კონტროლის მექანიზმის სისტემის არარსებობა. ზურაბ ლიპარტია, სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის უფროსი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ეს საკითხი 2015 წლის აგვისტოდან მოგვარდა, მას შემდეგ, რაც ექსპლუატაციაში შევიდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფიტოლაბორატორია, სადაც ამჟამად უკვე შესაძლებელია კვლევების ჩატარება პროდუქტზე როგორც ტრადიციული კლასიკური მეთოდებით, ისე მოლეკულური გენეტიკის მეთოდებით:

„ყოველი პარტია, რომელიც წავა საქართველოდან, არის სურსათის ეროვნული სააგენტოს გარანტიის ქვეშ. ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მიერ გაცემული დოკუმენტი, ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი, ადასტურებს, რომ ტვირთი არის კეთილსაიმედო, ამ შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციისათვის“.

ეს არის ყველაზე დიდი წარმატება ჩვენი, რომ ჩვენი გლეხების მწვანილი, ხილი, ბოსტნეული, ღვინო გადის რუსეთში და ეს არის საკმაოდ სერიოზული წარმატება და, ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს...
პაატა ზაქარეიშვილი

ზურაბ ლიპარტიას თქმით, პირველ ეტაპზე საქართველოდან ორიდან სამი ათასამდე ტონა მწვანილის გატანა იგეგმება. პროდუქტი ექსპორტისთვის ძირითადად წყალტუბოში არსებული სასათბურე მეურნეობებიდან შეგროვდება.

რუსეთის ბაზრის ათვისების პოლიტიკის გაგრძელებაზე ამახვილებს ყურადღებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი და „როსსელხოზნადზორის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას გამარჯვებად მიიჩნევს:

„ეს არის ყველაზე დიდი წარმატება ჩვენი, რომ ჩვენი გლეხების მწვანილი, ხილი, ბოსტნეული, ღვინო გადის რუსეთში და ეს არის საკმაოდ სერიოზული წარმატება და, ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს“.

რუსეთი არ უნდა იყოს მხოლოდ ერთადერთი ბაზარი და ჩვენ უნდა ვეცადოთ მოვახდინოთ დივერსიფიცირება საგარეო ურთიერთობებისა. თანაც, ამის შანსს ჩვენ გვაძლევს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება...
სოსო არჩვაძე

იმაზე, რომ რუსეთის ბაზარი მნიშვნელოვანი სივრცეა საქართველოს ექსპორტისთვის, ექსპერტები ეკონომიკისა თუ სოფლის მეურნეობის დარგში, ცხადია, თანხმდებიან, თუმცა, ამასთანავე, იმასაც ამბობენ, რომ აქცენტი მხოლოდ რუსეთის ბაზარზე არ უნდა გაკეთდეს. სოსო არჩვაძე, ექსპერტი სოფლის მეურნეობის საკითხებში, ფიქრობს, რომ, ეკონომიკური ინტერესების დაბალანსების შემთვევაში, შესაძლოა ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის დათბეს და რუსეთის ქმედებები საქართველოსთან მიმართებით გახდეს უფრო პროგნოზირებადი. თუმცა სოსო არჩვაძე, ამასთანავე, შენიშნავს:

„რუსეთი არ უნდა იყოს მხოლოდ ერთადერთი ბაზარი და ჩვენ უნდა ვეცადოთ მოვახდინოთ დივერსიფიცირება საგარეო ურთიერთობებისა. თანაც, ამის შანსს ჩვენ გვაძლევს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება - მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გატანის თაობაზე - და ამიტომ მხოლოდ ერთი, ჩრდილოეთის, მიმათულებით არ უნდა ვიფიქროთ“.

2015 წლის მონაცემების თანახმად, პროდუქტი, რომელზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა რუსეთის ბაზარზე, ატამია. რაც შეეხება ექსპორტს სხვა ქვეყნებში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წელს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების სათავეში, 12 პროცენტით, დგას აზერბაიჯანი, მას ბულგარეთი მოსდევს, 10 პროცენტით, რუსეთის წილი ამ მაჩვენებელში 7 პროცენტია, ე.წ. „დანარჩენი ქვეყნების“ საერთო პროცენტული მაჩვენებელი კი 53 პროცენტს შეადგენს. რაც შეეხება კონკრეტულად მწვანილის ექსპორტს, სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოდან მწვანილი შედის ბალტიისპირეთის ქვეყნებში, საბერძნეთში, რუმინეთსა და პოლონეთში, თუმცა საკმაოდ მცირე რაოდენობით.

რაც შეეხება ციტრუსის ექსპორტს რუსეთის ბაზარზე, სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით წელს ქართული მხარე არანაირ დაბრკოლებას არ ელის. როგორც ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ ლიპარტიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, 31 ოქტომბერს ბათუმში გაიხსნება შტაბი, სადაც ტვირთის გატანამდე წინამოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდება და ის იმედს გამოთქვამს, რომ, ისევე როგორც შარშან, ქართული ციტრუსი რუსეთისა და სხვა ქვეყნების ბაზრებზე დაუბრკოლებლად მოხვდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG