Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ აპირებს მონიტორინგს "რუსთავი 2"'-ის სასამართლო პროცესებზე


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ განახორციელებს მონიტორინგს ტელეკომპანია "რუსთავი 2"'-თან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებზე. ამის შესახებ ადამიანის უფლებების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, კახა კოჟორიძემ 27 ოქტომბერს უთხრა ჟურნალისტებს ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის განცხადებაზე გამოხმაურებისას. კოჟორიძის განმარტებით, ასეთი მონიტორინგი სასამართლოზე ზეწოლად იქნება აღქმული. მანამდე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეხვდა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს, რომელიც სასამართლოში დავობს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილის დასაბრუნებლად. შეხვედრის შემდეგ ქიბარ ხალვაშმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილს აუხსნა საქმის სამართლებრივი მხარე და თხოვა, რომ მისმა წარმომადგენლებმა სასამართლო პროცესს მეთვალყურეობა გაუწიონ. ქიბარ ხალვაშის შეფასებით, სასამართლო დიდ ზეწოლას განიცდის „ნაციონალური მოძრაობისგან,“ რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებაზე გავლენას ცდილობს. ბიზნესმენის ინფორმაციით, არსებობს მტკიცებულება, რომ მან „რუსთავი 2“ შეიძინა 7 მილიონ 300 ათას ამერიკულ დოლარად, წინა ხელისუფლებამ კი 300 ათას ლარად დაათმობინა. ცნობების თანახმად, პრეზიდენტთან შეხვედრა ხალვაშის თხოვნით გაიმართა.

XS
SM
MD
LG