Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

იარლიყი კრიტიკული ჟურნალისტიკისთვის


რუსთავი
რუსთავი

ქვემო ქარლის მედია. რა აწუხებთ მცირერიცხოვან ჟურნალისტებს და რა გარემოში უხდებათ მუშაობა, როგორი ურთიერთობა აქვთ საჯარო პირებთან?

ქვემო ქართლში რამდენიმე მედიაორგანიზაციაა, ძირითადად ტელევიზიების ხმა ისმის: რუსთავში - ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის, მარნეულში - „მარნეული ტვ“-ს. გამოდის გაზეთებიც, მაგალითად, „რუსთავი“ და „ბოლნისი“, თავისი ინტერნეტვერსიით, რომელსაც მთლიანად ბოლნისის მუნიციპალიტეტი აფინანსებს. ამასთან, მუშაობს რამდენიმე ინტერნეტგამოცემაც - მაგალითად, ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი, რომლის რედაქტორის, მანონ ბოკუჩავას, განცხადებით, ქვემოქართლელ ჩინოვნიკებს კრიტიკული მასალა არც წინა ხელისუფლების დროს მოსწონდათ და არც ახლა, მაგრამ უკმაყოფილება არასოდეს გამხდარა ღია ზეწოლის საბაბი. ინტერნეტგამოცემის რედაქტორის თქმით, ადგილობრივ მოხელეებს, უბრალოდ, არ ესმით, რა არის ობიექტური ჟურნალისტიკა, აუცილებლად მოგაკერებენ იარლიყს, რომ შენ პოლიტიკური ოპონენტის სასარგებლოდ მუშაობ:

„სულ მუდმივად ჰგონიათ, რომ თუ პრობლემურ საკითხზე უწერ, აუცილებლად ნაციონალებისგან ხარ შემოგზავნილი. აი, ამ დამოკიდებულების გამო, თვითცენზურა შემექმნა: როცა მასალას ვწერ, რომელიც 2015 წელს იყო პრობლემა, ბოლოში აუცილებლად ვდებ 2011 წლის მასალის ლინკს, რომელიც ნაციონალების საქმიანობას ეხება... ეს არ არის სწორი დამოკიდებულება, მე თავს არ უნდა ვიმართლებდე“.

მანონ ბოკუჩავა ხაზს უსვამს იმასაც, რომ თვიმმართველობებში დასაქმებულებს, იქნება ეს რუსთავსა თუ გარდაბანში, ხშირად საჯარო მოხელის ქცევის ნორმებზე წარმოდგენაც არა აქვთ. არ იციან, როგორ იურთიერთონ მედიასთან, ამიტომაც უშუალო კონტაქტის დროს თავის თავში იკეტებიან და გაურბიან მედიას. სხვა საკითხია სოციალური ქსელები, სადაც, ჟურნალისტის თქმით, საჯარო პირები უფრო თამამები არიან, თან იმდენად, რომ ზოგჯერ ჟურნალისტის შეურაცხყოფასაც კი არ ერიდებიან.

გაზეთ „რუსთავის “ მთავარი რედაქტორის თემურ კობახიძის თქმით, მისი რედაქცია ინფორმაციას პირადი კონტაქტებით მოიპოვებს, თუმცა იცავს პროტოკოლის წესებსაც: რუსთავის მერიის პრესსამსახურის შუამავლობით ხდება, მაგალითად, მერთან ან მისი გუნდის წევრებთან ინტერვიუს ჩაწერა. პრობლემები არა აქვთ საჯარო ინფორმაციის მიღების თვალსაზისითაც, მაგრამ, თემურ კობახიძის თქმით, ზოგჯერ უჭირთ თვითმმართველობის მიერ შექმნილ არასამეწარმეო ორგანიზაციებთან ე.წ. სიპებთან, ურთიერთობა:

„ერთი რამ, რაც შეიმჩნევა დაბალ, ასე ვთქვათ, რგოლებში, აშკარად გამოიკვეთა არქონა კი არა, უფრო არცოდნა. როცა ვეკითხებით რაღაც ციფრებზე, ან არ იცის, ან იმწუთისთვის მზად არ აქვს, - არადა, ელემენტარულებზეა ხანდახან საუბარი, რაც, რა თქმა უნდა, შეფერხებებს ქმნის ჩვენთვის, მაგრამ იკვეთება ასეთი სურათი, რომ კომპეტენციის დონე იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაინცდამაინც ვერ იკვეთება“.

მარნეულის ტელევიზია ახალ ამბებს ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე აშუქებს. ტელევიზიის დირექტორი შალვა შუბლაძე ამბობს, რომ რედაქცია დიდ დროს უთმობს ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების გაშუქებას, ინფორმაციას კი, პირველ რიგში, თავად მოსახლეობა აწვდის. რედაქცია ცდილობს სიუჟეტი სრულყოფილი გამოვიდეს, ამიტომ გადამღები ჯგუფები ადგილზე გადიან, რასაც სახელმწიფო მოხელეები ნაკლები ხალისით ხვდებიან:

„რომ გითხრათ, რომ ძალიან უხარიათ ჩვენი მისვლა [ადგილზე], მასეც არ არის. ცდილობენ, რომ აიცილონ კომენტარი, თუ კი ის მწვავე საკითხს ეხება, მაგრამ, ბოლო- ბოლო, ჩვენი ჟურნალისტები აღწევენ მიზანს და უპასუხოდ არ ვტოვებთ არც ერთ სიუჟეტს, გამორიცხულია!“

შალვა შუბლაძე იქვე, სამართლიანობისთვის, შენიშნავს, რომ რედაქციას მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობიდან საჯარო ინფორმაციის მიღება ჯერ არ გასჭირვებია.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG