Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: "ქართული ოცნება" კატეგორიულად ემიჯნება გოგი თოფაძის მოსაზრებებს


კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი კოალიცია კატეგორიულად ემიჯნება პარლამენტის წევრის, გოგი თოფაძის პირად მოსაზრებებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისა და სტალინის შესახებ. „კოალიციას აქვს მტკიცე და საჯაროდ გაცხადებული პოზიციები ასეთ ფუნდამენტურ თემებთან მიმართებით. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მედიის თავისუფლება და მიგვაჩნია, რომ "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით ობიექტური და მიუკერძოებელი განაჩენი დამოუკიდებელმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს“ - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში. პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ევროპული ღირებულებების ერთგული პოლიტიკური კოალიციაა, რომელსაც კარგად აქვს გააზრებული საბჭოთა წარსული და დარწმუნებულია, რომ სწორი გზა ევროპული და ევროატლანტიკური კურსია, რომელიც პრინციპულად განსხვავდება ათეული წლის განმავლობაში არსებული რეჟიმისგან. „ჩვენ მივისწრაფვით დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული ოჯახისკენ" - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში. მმართველი კოალიციის წევრი „მრეწველთა პარტიის“ ლიდერმა გოგი თოფაძემ ახლახან განაცხადა, რომ "რუსთავი 2“ ხვალ აღარ იქნება, სტალინს კი უწოდა საქართველოს სიმბოლო და გენიალური პიროვნება, რომლის სურათი მალე ყველა კაბინეტში დაიკიდება.

XS
SM
MD
LG