Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ბიზნესის წარმოების" რეიტინგში საქართველო ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებს შორის წამყვან პოზიციებს ინარჩუნებს


მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული "ბიზნესის წარმოების" წლევანდელ რეიტინგში საქართველო ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებს შორის წამყვან პოზიციებს ინარჩუნებს, მსოფლიოს 189 სახელმწიფოს შორის კი შარშანდელის მსგავსად კვლავ 24-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკის განმარტებით, წლევანდელი რეიტინგის შედგენისას ექსპერტებმა ახალი მეთოდოლოგიით ისარგებლეს და სწორედ ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ საქართველოს შარშანდელი პოზიცია არ შეცვლილა. ამასთან, მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ საქართველომ შარშან ორი ახალი რეფორმა განახორციელა, კერძოდ, გაამარტივა კონტრაქტების აღსრულება სასამართლოს მომხმარებლებისთვის ელექტრონული წარდგენის სისტემის დანერგვით და შეამცირა მშენებლობის ნებართვის გასაცემად საჭირო დრო. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებით, მსოფლიო ბანკის რეიტინგი პროგრესის მაჩვენებელია, რადგან ქვეყნის საერთო ქულა 76,84-დან 77,45-მდე გაუმჯობესდა. სამინისტროს ინფორმაციით, შარშან გამოქვეყნებულ მონაცემებთან შედარებით საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა 13 ინდიკატორით, არცერთი ინდიკატორით არ გაუარესებულა, ხოლო 6 ინდიკატორი ახალია. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებით, საქართველო უსწრებს 165 ქვეყანას, მათ შორის შვეიცარიას, საფრანგეთს, ნიდერლანდს, ესპანეთს, იაპონიას, ბელგიას, იტალიას და ლუქსემბურგს.

XS
SM
MD
LG