Accessibility links

logo-print

იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურები


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურები დაიწყო საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ პროცედურის დაწყების შესახებ უკრაინაში წერილობით ეცნობება დაინტერესებულ პირს, მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც მიეცემა გონივრული ვადა პოზიციის ჩამოსაყალიბებლად. წულუკიანის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანული კანონით სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვება წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველს. თეა წულუკიანის ინფორმაციით, 2015 წლის 23 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გაუგზავნა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 22 ოქტომბრით დათარიღებული ნოტა, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილი მიღებულ იქნა უკრაინის მოქალაქედ 2015 წლის 29 მაისს უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულებით, რომელიც დღესაც ძალაშია. „ნოტის საფუძველზე, რომელიც უკრაინის სახელმწიფოს ოფიციალური დოკუმენტია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების დაცვით, 2015 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო იწყებს მიხეილ სააკაშვილისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საქმის წარმოებას", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

XS
SM
MD
LG