Accessibility links

logo-print

პრემიერ-მინისტრი: ჩვენ სიტუაციას სრულად ვფლობთ და ვაკონტროლებთ


„ჩვენ სიტუაციას სრულად ვფლობთ და ვაკონტროლებთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც უკრაინული ინტერნეტგამოცემის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერების გამო მოიწვია. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახური და პოლიცია მუშაობენ 24 საათის განმავლობაში, რათა მაქსიმალურად დაიცვან თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება, სიმშვიდე და ქვეყნის სტაბილურობა. „პირობას გაძლევთ, რომ სამართალდამცავები ამ საკითხს ბოლომდე გამოიძიებენ, აღკვეთენ ნებისმიერ შესაძლო პროვოკაციას და გაანეიტრალებენ ყველას და ყველაფერს, რაც მიმართული იქნება ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობას შეეცდება. პრემიერმა მიმართა ყველა მხარეს საქართველოშიც და საზღვარგარეთაც, თავი შეიკავონ პროცესის პოლიტიზებისა და მართლმსაჯულების სისტემაზე ზეწოლისგან. „სასამართლო დღეს დამოუკიდებელი და თავისუფალია, ამიტომ მოგიწოდებთ ყველას მიეცით საშუალება სასამართლოს და მოსამართლეს მიიღოს დამოუკიდებელი და ობიექტური გადაწყვეტილება ნებისმიერ საკითხზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება უპირობოდ უჭერს მხარს მედიის თავისუფლებას და მიუხედავად იმისა, როგორ დამთავრდება „რუსთავი 2“-ის გამო მიმდინარე სასამართლო დავა, საქართველოს ჰყავს და ეყოლება დამოუკიდებელი მედია. პრემიერ-მინისტრმა სიმშვიდისკენ მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებს. „მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, დავდგეთ ამ პროვოკაციებსა და სიძულვილზე მაღლა და ერთად შევქმნათ მშვიდობიანი მომავალი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

XS
SM
MD
LG