Accessibility links

logo-print

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა დახმარებისთვის მიმართა უკრაინის შესაბამის უწყებებს


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინის შესაბამის უწყებებს მიმართა სამართლებრივი დახმარებისთვის ადგილობრივი ინტერნეტგამოცემების მიერ გავრცელებული ჩანაწერების გამო. 29 ოქტომბერს უკრაინულმა გამოცემამ uareview.in.ua-მ გამოაქვეყნა სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, რომელთა თანახმად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, იმ შემთხვევისთვის, თუ სასამართლო დავა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ გადაწყდება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას რჩევებს აძლევს, როგორ დაიცვან ტელეარხი და ახსენებს "რევოლუციურ სცენარს". თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ განაცხადა, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და მედიასაშუალებებით ადრეც გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიება 24 ოქტომბერს დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად, ან ხელში ჩასაგდებად. ლევან იზორიას ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში შსს-თან თანამშრომლობით უკვე გატარებულია უსაფრთხოების ღონისძიებები შესაძლო დანაშაულის პრევენციის მიზნით. „მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ასევე მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობისა და ავთენტურობის დადგენა, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება და დაიკითხება ყველა შესაბამისი პირი, როგორც აღნიშნული ჩანაწერების, ისე ჩვენს ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით“, - განაცხადა ლევან იზორიამ. მისივე თქმით, საქმის გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საზოგადოებას დამატებით აცნობებს.

XS
SM
MD
LG