Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინკლუზიური განათლება დღევანდელ სასწავლებლებში


28 ოქტომბერს ასოციაცია „დეამ“ თბილისში ინკლუზიური განათლების მონიტორინგის ინსტრუმენტის პრეზენტაცია გამართა. მონიტორინგის ინსტრუმენტი სასწავლო დაწესებულებებს დაეხმარება სასწავლო გარემოს შეფასებაში, რაც მათ შემდგომ განვითარებაში შეუწყობს ხელს.რა ვითარება გვაქვს ინკლუზიური განათლების თვალსაზრისით?

რომა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. ის ერთ-ერთ დღის ცენტრში დადის, სადაც ცდილობს ელემენტარული განათლება მიიღოს. მიუხედავად იმისა, რომ 35 წლისაა, წერა-კითხვა კარგად ახლაც არ იცის.

„ადრე ოთხი წელი სხვა ცენტრში დავდიოდი. ახლა აქ მოვედი. რაც მეტი ხალხია, მით უკეთესია. აქ ჯერ ახალი ვარ. ვხატავ, მუსიკის გაკვეთილებს ვესწრები. იმ ცენტრში ბევრ სხვა რამესაც ვაკეთებდი: წერას, კითხვას ვსწავლობდი, კომპიუტერს... წერა-კითხვა კარგად არც ვიცი. თუ დამიჯერებთ, ჩემით ვისწავლე. მეზობლები შემოდიოდნენ და ანბანს მაჩვენებდნენ ხოლმე“.

მონიტორინგის ინსტრუმენტის შექმნას წინ მცირე კვლევა უძღოდა. თუ რა ვითარება გვაქვს ინკლუზიური განათლების მიმართულებით, ეს კვლევის თემა არ ყოფილა, თუმცა სფეროს ექსპერტები მეტ-ნაკლებად ამ საკითხსაც ეხებიან. მოძრაობა „ინკლუზიური საზოგადოება - საქართველოს“ წარმომადგენელი გია ჯვარშეიშვილი ამბობს, რომ ინკლუზიური განათლებისთვის საქართველო მოუმზადებელი აღმოჩნდა. მისი თქმით, ძალიან ბევრი დრო იხარჯება ელემენტარული გადაწყვეტილებების მისაღებად. გარდა ამისა, სერიოზული პრობლემაა კადრების ნაკლებობა:

„მთავარი შეცდომა ჩვენი განათლების სისტემის ისაა, რომ ყველა სკოლა გამოცხადდა მზად იმისთვის, რომ იქ იყოს დანერგილი ინკლუზიური სწავლება. რეალურად ჩვენს ქვეყანას ამის რესურსი არ აქვს. ჩვენ, არასამთავრობო სექტორს, ეს კარგად გვაქვს გააზრებული. ვხვდებით, რომ საკმაოდ ბევრი დროა საჭირო. უბრალოდ, ვითხოვთ ტემპის აჩქარებას, რადგან ეს ტემპი არის დამღუპველი. ბავშვები ცდებიან სასკოლო გარემოს და რჩებიან განათლების გარეშე“.

გვყავს ეტლით მოსარგებლე სტუდენტები. ასევე, ორი უსინათლო სტუდენტი ჰყავს უნივერსიტეტს, მე რაც ვიცი, მაგრამ მათთვის შესაბამისი გარემო უნივერსიტეტს არა აქვს. არა აქვთ ხმოვანი პროგრამები...
გია ჯვარშეიშვილი

გია ჯვარშეიშვილი ჩამოთვლის იმ პრობლემებს, რომლებიც ხვდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს სასწავლო დაწესებულებაში. მისი თქმით, ერთი პრობლემაა გარემო პირობები, მოუწყობელი საპირფარეშო, რესურსოთახები მწირი შესაძლებლობებით და ასე შემდეგ, შემდეგ - თავად პედაგოგების ნაკლებობა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი ეკა დგებუაძე ასევე ადასტურებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პირობები სათანადო არ არის.

„გვყავს ეტლით მოსარგებლე სტუდენტები. ასევე, ორი უსინათლო სტუდენტი ჰყავს უნივერსიტეტს, მე რაც ვიცი, მაგრამ მათთვის შესაბამისი გარემო უნივერსიტეტს არა აქვს. არა აქვთ ხმოვანი პროგრამები, არა აქვთ ხმოვანი წიგნები და ლიტერატურა, რომლის მიხედვითაც ისინი შესაბამის განათლებას მიიღებენ“.

გია ჯვარშეიშვილი საუბრობს მასწავლებლების ნაკლებობაზეც:

„უზარმაზარი პრობლემაა ის, რომ სპეცმასწავლებელს ჰყავს ექვსი ბენეფიციარი. თუ თორმეტი ბენეფიციარია, მაშინ ჰყავთ ორი მასწავლებელი“.

გია ჯვარშეიშვილი
გია ჯვარშეიშვილი

სპეცმასწავლებელთან დაკავშირებით თავს იჩენს კიდევ ერთი პრობლემა. როგორც გია ჯვარშეიშვილი ამბობს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ისინი მასწავლებლებად ითვლებიან, მაგრამ შტატში აჰყავთ როგორც ადმინისტრაციის თანამშრომელი. შესაბამისად, მოკლებული არიან იმ პრივილეგიებსა და ბონუსებს, რაც სხვა მასწავლებლებისთვის ხელმისაწვდომია.

მულტიდისციპლინური გუნდის წევრი ციალა ტუღუში, რომელიც საკითხს ბათუმში იკვლევდა, იქ არსებულ ვითარებაზე ჰყვება. მისი თქმით, ბათუმში სხვა ქალაქებისგან განსხვავებული სიტუაცია არ არის. აქაც პროფესიულ სკოლებში გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე ბაღებსა და უნივერსიტეტებში. თუმცა, მისივე თქმით, ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და ძველი შენობების ადაპტირებისთვის:

„ბაღებში სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემაა. ბათუმში ამ მხრივ თითქოს უკეთესი მდგომარეობაა, რადგან ყველა ბაღს ჰყავს ფსიქოლოგი და ლოგოპედი, მაგრამ განვითარების დარღვევების მქონე ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება ნაკლებად აქვთ. თვითონაც ამბობენ, რომ მათ სჭირდებათ გადამზადება. ითხოვენ ტრენინგებს“.

რომ იკითხოთ, რამდენი სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვი არის ზუგდიდის რაიონის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, სტატისტიკის მიღება ძალიან გაგიჭირდებათ. ბაღების სამმართველოს დასჭირდება, რომ დაირბინონ და ყველა დაწესებულებაში ცალ-ცალკე მოაგროვონ ეს ინფორმაცია.
ნინო გოგიჩაძე

მისივე თქმით, მართალია, ერთი ტრენინგი კი ჩატარდა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, რადგან ბავშვებს სხავდასხვა სახის დარღვევები აქვთ და, შესაბამისად, სხვადასხვანაირი მიდგომა სჭირდებათ:

„სხვადასხვა მეთოდები სჭირდებათ, სხვადასხვა ტიპის თვალსაჩინოებები, დამხმარე სახელმძღვანელოები, განმავითარებლები, ტექნოლოგიები“...

ილიას უნივერსიტეტში არსებული GNNT ჯგუფის წარმომადგენელი ნინო გოგიჩაძე ამბობს, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ისიც კი პრობლემაა, გაირკვეს, სად სწავლობენ სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვები და სად - არა.

„რომ იკითხოთ, რამდენი სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვი არის ზუგდიდის რაიონის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, სტატისტიკის მიღება ძალიან გაგიჭირდებათ. ბაღების სამმართველოს დასჭირდება, რომ დაირბინონ და ყველა დაწესებულებაში ცალ-ცალკე მოაგროვონ ეს ინფორმაცია“.

განათლების სამინისტროს წარმომადგენელი ეკა დგებუაძე ლპარაკობს მონიტორინგის ინსტრუმენტზე, რომელიც სასწავლებლებს საკუთარი რესურსების შეფასების საშუალებას მისცემს. რეალურად ეს უფრო თვითშეფასების საშუალებაა, ვიდრე მონიტორინგის, გარკვეული კვლევის ჩარჩო, დებულებების, კითხვარების, ცხრილების ერთობლიობა.

„ასევე იგეგმება 2016 წელს მონიტორინგის ინსტრუმენტის დანერგვა. ამ მიმართულებით ჩვენ მოვითხოვეთ პროგრამული დახმარება, რომლის ფარგლებში დამატებით კადრებს ავიყვანთ და არსებული კადრების დახმარებით დავიწყებთ სკოლებში მონიტორინგის ინსტრუმენტის ფუნქციონირებას“.

ეკა დგებუაძის თქმით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში არსებობს მოდულები, რომლის ფარგლებშიც ხდება როგორც სპეციალური მასწავლებლების, ასევე საგნის მასწავლებლების გადამზადება ინკლუზიური განათლების მიმართულებით.

„რაც შეეხება სპეციალური მასწავლებლის სტატუსს, განათლების სამინისტრომ შეიმუშავა სქემა, რომლის მიხედვითაც სისტემა დაიწყებს სპეციალური მასწავლებლის განვითარებასა და მის კვალიფიკაციაზე ზრუნვას. დღეს სისტემა არის, თუ როგორ უნდა წარვადგინოთ მოდელი, როგორ უნდა მოხდეს სპეცმასწავლებლის განვითარება - ის სქემა, რომლის მიხედვითაც მოხდება სპეცმასწავლებლის ჩართვა როგორც საჯარო სკოლებში, ასევე პროფესიული განათლებისა და უმაღლესი განათლების საფეხურზე“.

ნინო გოგიჩაძე კი ამბობს, რომ, კვლევის თანახმად, სასწავლებლები მზად არიან საკუთარი განვითარებისთვის დრო გამონახონ, განსაზღვრონ საკუთარი რესურსები და დაგეგმონ მომავალი.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG